weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სენაკის საკრებულოს აპარატის უფროსმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა

16:51 ოთხშაბათი, 23 თებერვალი 2022

სენაკის საკრებულოს აპარატის უფროსმა, ვეფხვია რუსიამ განაცხადა, რომ პოტესტის ნიშნად თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, საკრებულოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, აპარატზე იყო და გრძელდება ზეწოლა, რის გამოც გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. 

თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება რუსიამ საკრებულოში გააკეთა. მან არ დააკონკრეტა, რომელი პარტიის მხრიდან მიმდინარეობს ზეწოლა, თუმცა თქვა, რომ საუბარი არ არის მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე“. 

„ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ზეწოლას რომელი მხარე ახორციელებდა - მხედველობაში მაქვს როგორც ოპოზიციური მხარე, ისე მმართველი ძალა. როგორც საჯარო მოხელე პროტესტის ნიშნად, რადგან სხვა სამართლებრივი ბერკეტი არ გამაჩნია, ვიჩერებ ჩემს უფლებამოსილებას. მე ნამდვილად არ ვიცი, რას აკეთებენ ჩემი თანამშრომლები. ნამდვილად არ მინდა ფორმალურად ვიყო ორგანიზაციის თანამშრომელი და ხელმძღვანელი პირი, როცა ჩემი თავის დაცვაც კი პრობლემა ხდება ჩემთვის“, – განაცხადა ვეფხვია რუსიამ. 

რუსიას ეს გადაწყვეტილება უკავშირდება საკრებულოს 9 თებერვლის სხდომას, რომელსაც „ქართული ოცნება“ არ დაესწრო და სადაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილება ცნეს. გარდა ამისა, ამავე სხდომაზე, დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარე გადაირჩიეს. სხდომაზე საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს შორის კამათი მოხდა. აპარატი აცხადებდა, რომ საკრებულოს ამ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება არ ჰქონდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის 33-წევრიან საკრებულოში, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, 16 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, 17 კი ოპოზიციამ: 13 – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და 4 – პარტიამ „გახარია - საქართველოსთვის“. ამასთან, დეკემბერში, გახარიას პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ილია ახალაიამ საკრებულოს წევრის მანდატი დატოვა, მის ადგილმონაცვლედ კი ნიკოლოზ შამათავა დასახელდა. ბოლო სხდომა, სადაც „ქართული ოცნების“ წევრები მივიდნენ, დეკემბერში იყო. 

„დროებით სამანდატო კომისაის უნდა წარმოედგინა შესაბამისი დასკვნები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა დღემდე 3 დეკემბრის სხდომაზე არჩეული კომისია არ შეკრებილა და აღნიშნული საკითხი არის ღია. ჩემთვის დღემდე უცნობია, რატომ არ იკრიბება სამანდატო კომისია, რატომ აგვიანებს იგივე ნიკოლოზ შამათავას საკითხის წამოწევას“, – განაცხადა ვეფხვია რუსიამ. 

„ქართულმა ოცნება“ ამტკიცებს, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს 9 თებერვლის სხდომის გახსნისა და შესაბამისად, გადაწყვეტილებების მიღებისთვის საჭირო კვორუმი არ ჰქონდათ, რაც საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის, ანუ 17 დეპუტატის დასწრებას გულისხმობს. „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ კანონი დაირღვა და სასამართლოს მიმართავს, 9 თებერვლის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები გაუქმდეს, ხოლო სარჩელის განხილვამდე, საკრებულოს ახალი გადაწყვეტილებების მიღების უფლება შეუჩერდეს. 

სენაკის საკრებულოს ოპოზიცია კანონის დარღვევას უარყოფს. მათი განცხადებით, 9 თებერვალს ახალი სხდომა კი არ ჩატარდა, არამედ ის 3 დეკემბერს გახსნილი და გადადებული სხდომის გაგრძელება იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]