weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს - ღარიბაშვილი

12:30 პარასკევი, 25 თებერვალი 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს საქართველო არ შეუერთდება.

ღარიბაშვილის თქმით, მისი ეს გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება.

„როგორც პრემიერ-მინისტრმა, ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე მინდა განვაცხადო შემდეგი - მე არაფერს გავაკეთებ და არცერთ გადაწყვეტილებას მივიღებ ისეთს, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებს. 

რა თქმა უნდა, გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედების დაწყებას - ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს და

მინდა, მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ საქართველო, ჩვენი ეროვნული ინეტერესების და ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, რადგან აღნიშნული მხოლოდ გაცილებით უფრო მეტად დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეოაბს. 

მე, როგორც პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და მთავრობის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ვიხელმძღვანელებ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით.

მინდა ჩვენს მოსახლეობას გავახსენო - ჩვენმა ხალხმა ძალიან ბევრი გასაჭირი გამოიარა ამ 30 წლის განმავლობაში. შეცდომები საკმარისზე მეტი დავუშვით.

1990 წელს, გახსოვთ, რომ რკინიგზის გადაკეტვით გარკვეულ პოლიტიკოსებს სჯეროდათ, რომ რუსეთის ბლოკადას მოახდენდნენ. ასეთ სასაცილო მდგომარეობაში ჩვენს თავს ნუ ჩავიგდებთ

და ამით ნუ დავაზიანებთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

უკრაინაზე თავდასხმისა და ომის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის სახელმწიფოებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, სანქცირებულია დამატებით ოთხი უმსხვილესი რუსული ბანკი, მათ შორის, „სბერბანკი“ და VTB ბანკი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ბანკების მრავალმილიარდ დოლარიანი აქტივები აშშ-ში გაიყინება. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა. სანციები ეხება VTB ბანკის ჯგუფის წევრს, საქართველოში მოქმედ სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიასაც“. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს განაცხადა, რომ „ვითიბი ბანკი ჯორჯიასთან“ ერთად ადრევე ჰქონდა შემუშავებული სანქციების დაწესების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა. შედეგად ბანკი დღევანდელი სიტუაციისთვის სრულიად მზად არის და ოპერირებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, VTB ბანკი გადახდისუნარიანია და მისი მეანაბრეების ინტერესები სრულად არის დაცული. ამასთან, დამატებითი ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი მზადაა, VTB შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველყოს.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ პრაგმატული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით მოახერხა, ბოლო 9 წლის განმავლობაში ქვყანას მიეღწია მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.

„ჩვენ დღეს არავითარი საშიშროება არ გვაქვს. საჭიროა სიმშვიდე შევინარჩუნოთ. არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება. ჩვენ ჩვენი ეროვნული პოლიტიკით, პრაგმატული, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით მოვახერხეთ ის, რომ ამ 9 წლის განმავლობაში ქვყანამ მიაღწია მშვიდობას და სტაბილურობას.

ამასთანავე, პარალელურად, ჩვენ მივაღწიეთ ყოველგვარი დანაკარგების, ყოველგვარი დესტაბილიზაციის გარეშე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას, უვიზო რეჟიმს და თავისუფალ ვაჭრობას. პარალელურად, ჩვენ მოვახერხეთ, ის, რომ სიტუაცია მაქსიმალურად დავასტაბილურეთ, მათ შორის, რუსეთთანაც მოვახდინეთ სიტუაციის დეესკალაცია, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებოდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]