ჟურნალისტის კითხვაზე - თავიდან ამბობდით, რომ შეიძლებოდა 2008 წლის ომის აცილება, შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საერთოდ ჩვენ დავიწყეთ ომი, უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ხომ არ შეიცვალა თქვენი პოზიცია? ღარიბაშვილმა უპასუხა:
„მე სხვების განცხადებებზე კომენტირებას, რა თქმა უნდა, არ გავაკეთებ. მინდა გითხრათ შემდეგი, ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება, ეს არის ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები და მათი შეფასებები. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კონდოლიზა რაისის ინტერვიუ CNN-თან, სადაც მან კიდევ ერთხელ გაიხსენა აგვისტოს მოვლენები. კონდოლიზა რაისმა თქვა, მათ იცოდნენ, რომ რუსეთი აპირებდა საქართველოში შეჭრას, ანუ ომის თაობაზე მათ ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს ხელისუფლებას. როცა ამის შემდეგ, საქართველოს მაშინდელი ხელისუფალი ვერ გათვლის ელემენტარულს და ბრიყვულად და სულელურად, თუ ანტისახელმწიფოებრივად წამოეგება ამ პროვოკაციას, რა თქმა უნდა, ეს არის ღალატი. თავად ამერიკის ხელისუფლების ყოფილი ელჩი, მაღალჩინოსნები საკუთრივ დეპარტამენტის, დენფრიდი, ყოფილი ელჩი მაილსი, აცხადებდნენ, რომ
აგვისტოს ომი არ იყო გარდაუვალი. ეს არის ჩემი შეფასება. დღეს საქართველოში ჩვენ ვახორციელებთ ეროვნულ, პრაგმატულ პოლიტიკას. ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და გაუთვლელი პოლიტიკა საქართველოში დასრულდა.
2008 წლის ომში, მაშინ, როცა ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რომელიც აქ დგანან, ომობდნენ თავგანწირვით, მაშინდელი ხელისუფლება, ყოფილი მთავარსარდალი, მიწაზე გართხმული აჩვენა მთელს მსოფლიოს თავისი სამარცხვინო საქციელი და პარლამენტის წევრები გარბოდნენ ქვეყნის საზღვრებს გარეთ“.
პრემიერის თქმით, მისი დავალებით, უკრაინის ელჩს საქართველოში, გადასცეს გზავნილი, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს უკრაინელ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან.
დღესვე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს საქართველო არ შეუერთდება.
უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან და არსებულ საფრთხეებთან დაკავშირებით, ოპოზიციის მოთხოვნით მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა კი ჩაიშალა, რადგან „ქართული ოცნების“ დეპუტატები სხდომაზე დასასწრებად არ მივიდნენ, სხდომათა დარბაზის კარი კი ოპოზიციას არ გაუღეს.