weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მაქსიმალურ მხარდაჭერას გამოვხატავთ, სანქციები ეფექტური არაა – პრემიერი

12:42 ორშაბათი, 28 თებერვალი 2022

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად, ოპოზიციის მოწოდება რუსეთისთვის სანქციების დაწესებისა და „უკრაინაში ომში მონაწილეობის“ შესახებ კი, ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. 

„ბოლო დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ, ე.წ. მარგინალურ დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს ჩვენი მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშს, მათ გამოყენებას, მანიპულიებას და რა თქმა უნდა, მათ შეცდომაში შეყვანას. 

ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოვხატოთ მაქსიმალური მხარდაჭერა – პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ადამიანური თუ სხვა – ჩვენი უკრაინელი ძმების და დების მიმართ.

ის, რაც უკრაინაში ხდება, რა თქმა უნდა, ჩვენთვის კარგად არის ცნობილი. ჩვენ ეს გამოვცადეთ ბევრად უფრო ადრე, 2008 წელს. ძალიან სამწუხაროა, რომ რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და რომ იტყვიან, ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებას და ინტერესს ეძებს“, – განაცხადა ღარიბაშვიმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მან ოპოზიცია ომის პროვოცირებაში დაადანაშაულა. 

„უნდა ითქვას პირდაპირ, არ მოვერიდები – მათი მიზანია, განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ვერ აარიდეს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. 

ასევე, გვახსოვს კარგად, თუ როგორ მოიქცა მაშინდელი ხელისუფლება, როგორ უპატრონა, როგორ დაიცვა ჩვენი მოქალაქეები, როგორ მოიქცა ე.წ. მთავარსარდალი. მთელს ერს აჩვენა საკუთარი მხდალი საქციელი, მთელს მსოფლიოს თავი დაამახსოვრა ჰალსტუხების ჭამითა და მიწაზე ფორთხვით. 

კარგად გვახსოვს, ვინ იომა 2008 წლის ომის დროს – მაშინ იომა ჩვენმა გმირმა ჯარმა, თავგანწირვით იომეს და თავი შესწირეს ჩვენმა პოლიციელებმა, ღირსეულმა ოფიცრებმა, მაგრამ კარგად გვახსოვს, გაქცეული მთავარსარდალი, სხვა პოლიტიკოსები, მთავრობის წევრები, პარლამენტარები – ქვეყანა დატოვეს ომის დროს და მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ. ჩემს მეხსიერებაში საშინლად ჩაიბეჭდა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელიც 9 აგვისტო გაიმართა. მაშინ, როცა ჩვენი გირები იღუპებოდნენ ბრძოლის ველზე, მთავრობის წევრები, სააკაშვილის მეთაურობით, ხუმრობის ხასიათზე იყვნენ.

დღეს იგივე ხალხი გვიკიჟინებს, რომ ჩავერთოთ ომში, სანქციები დავუწესოთ თურმე რუსეთს, უკრაინაში ომში მივიღოთ მონაწილეობა და ა.შ.“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციები არ მუშაობს.

„ვიცი, რომ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას კარგად აქვს გააზრებული ის საფრთხე და რისკები, რომელიც დღეს მთელი ევროპის უსაფრთხოების სისტემის მიმართ არსებობს.

ევროპაში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი, ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ომი, უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ვხედავთ, რომ ამის შემჩერებელი დღეს არავინ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება. ისიც ვთქვათ, თუ ვინ ომობს დღეს უკრაინაში – ომობს უკრაინელი ჯარისკაცი, უკრაინის ჯარი.

ამიტომ, კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა და მთელი მსოფლიო არის უდიდესი გამოწვევის წინაშე. ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია, გაუთვლელი ნაბიჯები, სიტყვა არის ძალიან დიდი რისკის შემცველი.

მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, არაფერს გავაკეთებ ისეთს, რაც შეეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს. ვიხელმძღვანელებ მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებით, მიუხედავად იმ რაღაც ე.წ. ოპოზიციის ნარატივისა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]