დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ამ დღეებში კიევისა და საქართველოს ბედი წყდება.
„კიევი არის საქართველოს კონსტანტინოპოლი, გარდა იმისა, რომ არის ჩემი სახლი. ამ ჯარებმა რომც აიღონ კიევის ნაწილი, შეუძლებელია მათ შეძლონ მთლიანად დედაქალაქის და ქვეყნის გაკონტროლება. პუტინი უკვე დამარცხებულია, იმიტომ, რომ ასეთი წინააღმდეგობა… 2008 წელში ჩვენ მაგრად დავდექით. ახლა ხომ ნახეთ რა მაგრად დავმდგარვართ.
ნუ დავიყრით თავზე ნაცარს, გვაქვს საფუძველი ვიამაყოთ. 2008-ში ჩვენმა წინააღმდეგობამ შექნა უკრაინელების წინააღმდეგობა დღეს. ასე რომ, გაუმარჯოს საქართველოს!
ახლა მთავარია, გადარჩეს უკრაინა და შემდეგ, ერთადერთი გზა არის მასობრივი მობილიზაცია, ხელისუფლების ცვლა საქართველოში ისე, რომ იყოს ეროვნული ერთიანობის მთავრობა, როგორც უნდა იყოს საფრთხის პერიოდში დღევანდელ მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად თუ მათ გარეშე. ამას ალტერნატივა არ აქვს. უნდა მოვემზადოთ საყოველთაო მობილიზაციისთვის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მუდმივ კონტაქტზეა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. ის საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.