weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

ზელენსკის კრიტიკის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ჩამოთვალა რა გაუკეთა უკრაინას

22:19 სამშაბათი, 01 მარტი 2022

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რა სახის დახმარება გაუწიეს უკრაინას:

  • 1 მილიონი ლარის ჰუმანიტარული დახმარება;
  • დახმარება საქართველოში მყოფ უკრაინელ ვიზიტორებს;
  • 24/7 ცხელი ხაზი უკრაინელი ტურისტებისთვის;
  • თბილისის ანძა და ბათუმის სტადიონი უკრაინის სახელმწიფო დროში ფერებში განათდა;
  • პრეზიდენტის სასახლეზე უკრაინის და საქართველოს დროშები აღიმართა;
  • „საქართველოს ფოსტა“ უფასოდ აგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს უკრაინის მიმართულებით.

„საქართველომ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მყისიერად დააფიქსირა მზაობა და განახორციელა ქვეყნის ჰუმანიტარული დახმარება სხვადასხვა მიმართულებით“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი: 

„საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში! დღეს მისი პარიზში და ბრიუსელში ყოფნა სწორედ ამას ემსახურება!“

დღესვე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ილია დარჩიაშვილის ვიდეოკომენტარი გავრცელდა, სადაც ის ამბობს, რომ გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ.

დარჩიაშვილის თქმით, უკრაინაში მოხალისეებს „ნაციონალური მოძრაობა“ აგზავნიდა:

„პროვოკაციული იყო გუშინ, მოხალისეების ჩარტერული რეისით უკრაინაში გაგზავნის დემონსტრაციული მცდელობა, რაც ასევე იყო ორგანიზებული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და იქნებოდა აღქმული როგორც საქართველოს საომარ მოქმედებებში ირიბი ჩართვა.

ამის მიზანია საომარი მოქმედებების დაწყება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არის მართული პროცესი დესტრუქციული ოპოზიციის და მისი წევრების მხრიდან როგორც თბილისში, ისე კიევში“.

გუშინ, 28 თებერვალს ჩარტერული რეისით საქართველოდან უკრაინაში 200-მდე მოხალისე უნდა გაფრენილიყო, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძოლებდნენ. გამგზავრების მსურველთა შორის იყვნენ ექიმებიც. საქართველოში უკრაინის საელჩოს არაერთი მცდელობის მიუხედავად, ხელისუფლებამ ჩარტერული რეისის შესრულებაზე ნებართვა არ გასცა. უკრაინის პრეზიდენტმა ელჩის გაწვევა ამ ფაქტით ახსნა: „ჩვენ დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან იმ მოხალისეების დაბრკოლების გამო, რომლებსაც დახმარება სურთ. სანქციების მიმართ ამორალური პოზიციის გამო“.

მანამდე, 25 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. პრემიერის ამ განცხადებას თბილისში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა. დღეს მრავალათასიანი აქციის მონაწილეებმა მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.

უკრაინაში საომარი მოქმედებები მეექვსე დღეა გრძელდება. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა, რასაც წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]