weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

„ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილს 5 მარტს პარლამენტში გამოსვლაზე უარი უთხრა

17:44 პარასკევი, 04 მარტი 2022

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის მიზნით ხვალ, 5 მარტს რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ქართული ოცნების გადაწყვეტილება არ გაიზიარეს. მათ სურდათ, რომ დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციის შესახებ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილისგან 5 მარტს მიეღოთ.

5 მარტს პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის სურვილი თავად სალომე ზურაბიშვილმა გამოთქვა.

„პრეზიდენტი იმყოფებოდა საფრანგეთში – ევროსაბჭოში, ბრიუსელში, სადაც მან უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გამართა ქვეყნის გლობალური უსაფრთხოების, მშვიდობის პროცესში არსებული გამოწვევებისა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პარტნიორობასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრეზიდენტს სურვილი აქვს ხალხს ანგარიში წარუდგინოს 5 მარტს. თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე მოვლენებს უკრაინაში და იმას, თუ როგორ იცვლება სიტუაცია ყოველწუთიერად, ჩვენი თხოვნაა, რომ თარიღი არ შეიცვალოს და ხვალ ჩატარდეს აღნიშნული სხდომა“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

„ქართული ოცნების“ წევრებმა პრეზიდენტს შესთავაზეს, მოხსენებით 11 დღის შემდეგ, 15 მარტს, პლენარულ სხდომაზე გამოვიდეს. ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ახლა სხვა საკითხებია აქტუალური.

„არ ვაპირებ პრეზიდენტის ანგარიშის როლი დავაკნინო, მაგრამ მიმდინარე საკითხები გაცილებით აქტუალურია. ანგარიშის წარდგენა საჩქარო თემა არ არის. ნებისმიერ დროს შეგვიძლია გავაკეთოთ. თუ პრეზიდენტს საზოგადოებისთვის რაღაც საკითხის გაცნობა უნდა, ამის გაკეთება ნებისმიერ სხვა ფორმატში, ბრიფინგის თუ პრესკონფერენციის გზით შეუძლია“, – მიმართა მდინარაძემ პრეზიდენტის წარმომადგენელს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, სალომე ზურაბიშვლი დღეს ბრუნდება ბრიუსელიდან და საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ, რა უთხრეს მას პარტნიორებმა.

„საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის მოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ გუშინ შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ასევე, ქალბატონი სალომე ბოლო პერიოდში იყო ბრიუსელში, შეხვდა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მსოფლიო ლიდერს, ემანუელ მაკრონს, ესაუბრა ბლინკენს და სახელმწიფო მდივანმა თვითონ გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება. ამ სიტუაციაში, როდესაც ყველა ვამაყობთ და ვსაუბრობთ იმაზე, რომ განაცხადი შევიტანეთ და ამ დროს პრეზიდენტი ბრუნდება ბრიუსელიდან, საფრანგეთიდან, მიკვირს, რატომ შეიძლება გადაითარგმნოს მისი გამოსვლა როგორც ანგარიში“, – თქვა დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ მართალია, პრეზიდენტს შეუძლია პოლიტიკურ პარტიებს და ხალხს სხვა ფორმატშიც მიმართოს, თუმცა პარლამენტის დარბაზში მისი მისვლა მნიშვნელოვანია.  

„ეს არის ძალის დემონსტრირება – ვინაიდან პრეზიდენტმა მოინდომა მოსვლა და ანგარიშის წარმოდგენა, თქვენ, როგორც საპარლამენტო უმრავლესობა ახდენთ ძალიას დემონსტრირებას, რომ მას ამის საშუალება არ მისცეთ. მოგიწოდებთ, საკითხს სახელმიწოებრივად მიუდგეთ“, – განაცხადა დეკანოიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრმა, თეონა აქუბარიამაც თქვა, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტს აკნინებს, როდესაც აცხადებს, რომ პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის გამოსვლა მნიშვნელოვანი არ არის და სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ხალხს ბრიფინგის საშუალებით მიმართოს, პოლიტიკოსებს კი ცალკე შეხვდეს. 

25 თებერვალს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ჩაშალეს სალომე ზურაბიშვილის მიერ მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც ოპოზიცია უკრაინაში დაწყებულ ომსა და არსებულ საფრთხეებზე მსჯელობას ითხოვდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]