ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოდან 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინის და უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.
„ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ კიდევ უფრო მეტ ჰუმანიტარულ ტვირთს გავაგზავნით უკრაინაში. ჩვენი საელჩო მაქსიმუმს აკეთებს, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ელჩი ბოლო დღემდე რჩებოდა, ახლაც, რა თქმა უნდა, უკრაინაშია, გადასულია სხვა ქალაქში. კიევში იყო და სულ რამდენიმე დღის წინ გადავიდა კიევიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს ბოლომდე გავაკონტროლებთ იმისთვის, რომ არც ერთი ჩვენი მოქალაქე, რომელიც უკრაინაშია, არ დარჩეს ყურადღების მიღმა.
მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენთვის ყველასთვის ომი კატეგორიულად მიუღებელი. ის, რაც ხდება უკრაინაში რა თქმა უნდა, არის კატეგორიულად მიუღებელი და ყველანი ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში.
ტრაგედია, რომელიც ხდება, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ადამიანები იღუპებიან და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. კიდევ ერთხელ – იმედი გვაქვს, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.