weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრორუსულმა ორგანიზაციებმა საქართველოს ნეიტრალიტეტზე UN-ის უშიშროების საბჭოს მიმართეს

13:09 პარასკევი, 11 მარტი 2022

საქართველოს „პატრიოტთა ერთიან ფრონტში“ გაერთიანებული 55 პოლიტიკური და საზოგადოებრივი პრორუსული ორგანიზაციები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN) უშიშროების საბჭოს მიმართავენ და მოუწოდებენ, საქართველოსა და უკრაინის ნეიტრალიტეტის საქმეში „ქმედითი წვლილი“ შეიტანოს.

წერილის თარგმანი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა გაავრცელა.

„ჩვენ წუხილით უნდა აღვნიშნოთ, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში დასავლეთი პოსტსაბჭოთა სივრცეზე ხელს უწყობდა ისეთი პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის შექმნა-განვითარებას, რომლებიც სრულიად უგულებელყოფდნენ ნეიტრალიტეტს და პროპაგანდას უწევდნენ მხოლოდ ნატოს, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების ერთადერთ ეფექტიან სისტემას. მეტიც, ქმნიდნენ ნატოში გაწევრიანების ცრუ მოლოდინს და საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ნატოსთან პარტნიორობა თავისთავად უსაფრთხოების გარანტიაა, ამასთან განსხვავებული აზრი დღემდე ბულინგს ექვემდებარება“, – ნათქვამია მიმართვაში.

მის ავტორებს მიაჩნიათ, რომ რუსეთთან დაპირისპირება დამღუპველია საქართველოს და უკრაინის მსგავსი ქვეყნებისთვის და არანაირად არ სურთ, რომ „საქართველო, უკრაინა, ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა საჭადრაკო ფიგურების როლში აღმოჩნდნენ, რომლებიც ზესახელმწიფოთა ჭიდილში განადგურდებიან“.

„2020 წელს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ძალზედ მასშტაბურმა გამოკითხვამ დაადასტურა, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მოსახლეობის დამოკიდებულება ნატოს მიმართ კარდინალურად შეიცვალა. 

გამოკითხვის შედეგად ნათელი გახდა, რომ 69.4% სამხედრო ნეიტრალიტეტს ემხრობა, ხოლო 75.8% მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს.

აუდიოჩანაწერების ასლები გადაეცა ევროპული სახელმწიფოებისა და აშშ-ის საელჩოებს, აგრეთვე ეუთოს მისიას და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს.

ჩვენი აზრით, ტრაგიკული კონფლიქტი უკრაინაში ნათელყოფს, რომ ნეიტრალიტეტი საუკეთესო გამოსავალია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინისთვის საუკეთესო გამოსავალი ნეიტრალიტეტია, ხოლო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „არ ეშინია ნეიტრალურ სტატუსზე მსჯელობისა“, რის შესახებაც მან 25 თებერვალს თავად განაცხადა. ყოველივე ეს ადასტურებს, რომ ნეიტრალიტეტზე აქტიური მსჯელობის დაწყება აუცილებელია.

ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ცნობილი საინფორმაციო პორტალის globalnews.ca-ს მიერ 19 იანვარს გამოქვეყნებული აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ რ. ბაიდენის ვიდეო-ინტერვიუ, რომელშიც მან განაცხადა, რომ „უკრაინის ნატოში შესვლის ალბათობა უახლოეს მომავალში ნაკლებ სავარაუდოა“, ხოლო გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 6 მარტს განაცხადა, რომ კონფლიქტი უკრაინაში „არ არის და ვერ გახდება ნატოს კონფლიქტი“. ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ახლახანს განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს უკრაინის ისეთ დასავლურ კავშირებში მიღების გეგმები, როგორიც არის ნატო.

ვაცნობიერებთ რა ვითარების სირთულეს, მოგიწოდებთ, არა უბრალოდ მხარი დაუჭიროთ, არამედ ქმედითი წვლილი შეიტანოთ საქართველოსა და უკრაინის ნეიტრალიტეტის საქმეში, რათა დასავლეთის ქვეყნები, რუსეთთან ერთად, ჩვენი ქვეყნების ნეიტრალიტეტის გარანტორებად იქცნენ“, – აღნიშნულია წერილში.

„პატრიოტთა ერთიან ფრონტში“ გაერთიანებული 55-ი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის სახელით, წერილს ხელს 21 უფლებამოსილი პირი აწერს:

დავით თარხან-მოურავი – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე;

ირმა ინაშვილი – საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი, მე-9 მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერი;

ნანა დევდარიანი – საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი, ყოფილი სახალხო დამცველი;

გიორგი ლომია – საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი, მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე;

გოჩა თევდორაძე – საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი;

იოსებ შატბერაშვილი – საქართველოს პარლამენტის ერთი მოწვევის დეპუტატი;

კახაბერ ძაგანია – საქართველოს პარლამენტის ერთი მოწვევის დეპუტატი;

მარინა მოლოდინი – საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი;

ვაჟა ოთარაშვილი –  საქართველოს პარლამენტის მეორე მოწვევის დეპუტატი, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე;

ვალერი კვარაცხელია  – საქართველოს პარლამენტის ერთი მოწვევის დეპუტატი;

გურამ ნიკოლაიშვილი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი;

გიორგი ბიჭაშვილი – საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი;

ოთარ ჭითანავა – საქართველოს პარლამენტის ერთი მოწვევის დეპუტატი;

თამაზ დაუშვილი – საქართველოს პარლამენტის ერთი მოწვევის დეპუტატი;

გიორგი ჭინჭარაული – საქართველოს პარლამენტის ერთი მოწვევის დეპუტატი;

ამირან ტაკიძე – საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი;

ზურაბ ქველაძე – საქართველოს პარლამენტის ერთი მოწვევის დეპუტატი;

გრიგოლ ჯოჯუა – საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი;

ელგუჯა გვაზავა – საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი;

ვახტანგ ყოლბაია – საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი;

ანზორ წოწონავა – საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი;

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]