weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ეს ხულოელი ვიღაცეები რომ არიან, ტერორისტები, ციხის ხეხვა მოუწევთ - მორგოშია

14:27 შაბათი, 12 მარტი 2022
ფოტოზე - კონსტანტინე მორგოშია ფოტოზე - კონსტანტინე მორგოშია

„ეს ხულოელი ვიღაცეები რომ არიან კიდევ, ფანატიკოსები, აი, იმ ტერორისტებს, პირდაპირ ვიტყვი, ზუსტად იქ მოუწევთ ციხის ხეხვა, სადაც მათი ადგილია“, - ასე გამოეხმაურა პრორუსული პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერი კონსტანტინე მორგოშია, ხულოში მცხოვრები ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტების მონდომებით, „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისის დახურვას.

მორგოშიამ „ალტ-ინფოს“ ეთერში რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა და საქართველოს მოქალაქეებს დაემუქრა: „როდესაც დასრულდება ეს ომი, კონფლიქტი, როგორც გინდათ, ისე შევაფასოთ და როდესაც ყველა ნახავს, რომ ვერც ნატომ და ვერც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ვერც ევროზონამ უკრაინას ვერ უშველა და აღიარებენ უკრაინელები, არ ვიცი რა მთავრობის შემადგენლობით, რომ მათ ისინი მიატოვეს და ესენი არაფრის მაქნისები არ არიან, საქართველოშიც იგივე ინსტიქტები წამოვა, თავისთავად ცხადია, ხომ?

მერე ხომ საქართველოში არავის ხმას არ ამოვაღებინებთ, რომ ჩვენ მივისწრაფვით ნატოსკენ. ვინც მაგის ლაპარაკს დაიწყებს, ენა უნდა ამოაძრო და კისერზე დაახვიო, პირდაპირ გეუბნებით“, - აღნიშნა კონსტანტინე მორგოშიამ.

მისივე თქმით, „კონსერვატიული მოძრაობა“ დიალოგს დაიწყებს რუსეთთან: „ეს დიალოგი აუცილებელია. ეს უნდა იყოს გაკვეთილი ყველასთვის, რომ ამ ეტაპზე რუსეთთან ომი დაუშვებელია და ჩვენს ქვეყანას უბრალოდ გააქრობს. სანქციები აღარ არსებობს, რასაც რუსეთს დაუწესებენ. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ უკრაინა არის 50 მილიონიანი ქვეყანა და ევროპაში მეორე სახელმწიფოა თუ პირველი სიდიდით და საქართველოს შემთხვევაში, რუსეთის, ღმერთმა არ ქნას, სამხედრო ოპერაციას ექნება 12 საათიანი ხანგრძლივობა. მე არ ვაკნინებ ჩვენს ჯარისკაცს და მეომარ ხალხს, მაგრამ არც 2008 წლის ომი იყო ჩვენი და რუსების ომი და არც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს უკრაინისა და რუსეთის ომი. ეს ორივე ომი გაღვივებულია ლიბერალური ძალების მიერ, რომლებსაც ყოველთვის ჰყავდათ უკრაინაში და საქართველოშიც სააკაშვილისა და ზელენსკის სახით. ამათი დრო დასრულდა. სწორი ინსტიქტები აქვთ ამ შემთხვევაში. ზუსტადაც, რომ ძალიან ცუდი დღე მოელით. ყველა დამახსოვრებული გვყავს აბსოლუტურად. თუ ვინმე გამოგვრჩა, მაგაზე ვმუშაობთ და ეგ ხალხი გვეცოდინება უახლოეს დღეებში. ძალიან ცუდ დღეში ჩავარდებიან, პირდაპირ გეუბნებით“.

შპს „ალტ-ინფო“ 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა და მისი დირექტორი შოთა მარტინენკოა. კომპანიის 50-50 %-იან წილებს შოთა მარტინენკო და ციალა მორგოშია ფლობენ. „ალტ-ინფოსთან“ არის დაკავშირებული კიდევ ერთი ორგანიზაცია ა(ა)იპ „ალტერნატივა საქართველოსთვის“, რომელიც 2019 წლის 30 იანვარს არის რეგისტრირებული. ორგანიზაციის გამგეობის წევრები არიან კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი ყიზილაშვილი და რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე გიორგი ქარდავა.

„ალტ ინფოს“ ჯგუფმა 2021 წლის 20 ნოემბერს პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ დააფუძნა, რომლის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძეა, გენერალური მდივანი კი გიორგი ქარდავა. მმართველი საბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა და ვასილ გვილია. სარევიზიო კომისიაში შედიან ემრე ქუჩუქი, გიორგი მორგოშია და ალექსანდრე ქარდავა. „კონსერვატიული მოძრაობა“ პარტიად ოფიციალურად 2021 წლის 7 დეკემბერს დარეგისტრირდა.

პარტია თავის მიზნად საქართველოში „ლიბერალური დიქტატურის“ დასრულებას და „ქრისტიანული დემოკრატიის“ შექმნას ასახელებს. ლიდერები ღიად აცხადებენ, რომ იქნებიან რუსეთის მოკავშირეები, მასთან პირდაპირი, უპირობო დიალოგი და მოსკოვის ინტერესებით მოქმედ სისტემებში ინტეგრირება სურთ.

„ალტ ინფო“ იყო თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 2021 წლის 5 ივლისს გამართული ძალადობრივი აქციის ორგანიზატორი, რა დროსაც თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, მიაყენეს სხეულის დაზიანებები, დაარბიეს არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისები. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებებით, აგრეთვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობით წახალისებული აგრესიული ჯგუფები ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე მთელი დღის განმავლობაში ძალადობდნენ. დანაშაულის ორგანიზება 5 ივლისამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო - „ალტ-ინფოს“ წევრები საკუთარი არხიდან მაყურებელს ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოუწოდებდნენ. დაზარალებულთა ჩვენებების და ვიდეომტკიცებულებების მიუხედავად, პროკურატურას „ალტ ინფოს“ არცერთი ხელმძღვანელი პირი არ დაუკავებია.

2021 წლის სექტემბერში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „ალტ ინფოს“ ნებართვა მისცა, თავისი მაუწყებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით გაავრცელოს.

„ალტ-ინფო“ თავისი გადაცემებით ცდილობს ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას და რუსეთისადმი ხალხის კეთილგანწყობის მოპოვებას. არასამთავრობო ორგანიზაციების, ქალების, უმცირესობების მიმართ ხშირად იყენებს სიძულვილის ენას. ამართლებს რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს.

„ალტ-ინფოს“ პარტიამ საქართველოში უკვე 60-ზე მეტი ოფისი გახსნა. წინააღმდეგობას ისინი მხოლოდ მესტიაში, ამბროლაურში, ხულოსა და შუახევში წააწყდნენ. მას შემდეგ, რაც მესტიაში ახალგაზრდებმა „ალტ-ინფოს“ ოფისის გახსნა გააპროტესტეს, პარტიამ, რომელსაც ადგილზე სუს-ის ყოფილი თანამშრომელი გიორგი რატიანი ხელმძღვანელობს, მესტიაში მობილიზება გაუკეთა 30-მდე ადამიანს, ძირითადად, ქვემო სვანეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრებს სვანებს და ისინი ადგილობრივ ახალგაზრდებს დაუპირისპირა. ცემეს 10-მდე ადამიანი. პოლიციამ გამოძიებაც კი არ დაიწყო.  

„კონსერვატიული მოძრაობა“ საქართველოს რეგიონებში 80-მდე ოფისის გახსნას გეგმავს. უცნობია, როგორ ქირაობს და აწყობს მოძრაობა ქალაქების ცენტრალურ უბნებში ოფისებს, მაშინ როდესაც აუდიტის სამსახურის მონაცემებით, მისი მთელი შემოსავალი 40 ათასი ლარიც კი არ არის.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]