„დღეს ჩვენ თვალწინ შემზარავი კადრები იშლება. რუსეთის მიერ დაბომბილი საავადმყოფოები, საბავშვო ონკოლოგიური საავადმყოფო, ბაგა-ბაღები და სკოლები, თუნდაც ერთმორწმუნე ერის ეკლესიები. მოხუცების და ორსულების ევაკუაცია. უკრაინელი მეომრების, თუ რიგითი მოქალაქეების შეუპოვარი ბრძოლა საკუთარი მიწის, სამშობლოს დასაცავად და დამოუკიდებლობის გადასარჩენად. რუსულ აგრესიასთან ასეთი თავგანწირული ბრძოლა ჩვენში მხოლოდ პატივისცემას, სოლიდარობასა და გვერდში დგომას იწვევს. საქართველო იდგა და დგას უკრაინის და უკრაინელების გვერდით!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თხოვნით, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს ფეხზე ადგნენ და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირებს.
„მინდა იცოდეთ თქვენ, მივმართავ ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, რომ აქ გამოვხატავთ სრულიად საქართველოს ერთიან სულისკვეთებას. აქ გამოვხატავთ, ყველა აქ შეკრებილნი, სახელმწიფოს და მისი ყველა ინსტიტუტის, ყველა პოლიტიკური ძალის და რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერას. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს აქ, ჩვენთან ერთად, ეკლესიაა წარმოდგენილი და ჩვენ ყველა ერთად სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას და უკრაინელებს!
დღეს, ამ ტრაგედიის შემყურეთაგან ვინც ყველაზე კარგად აცნობიერებს თუ რას ნიშნავს რუსული საუკონოვანი იმპერიალიზმი, ჩვენ ქართველები ვართ. ქართველებს ყველაზე კარგად გვესმის და ვიზიარებთ რას განიცდის უკრაინელი ერი.
უკრაინამ და საქართველომ ერთი გზა გავიარეთ. რუსული იმპერიიდან გათავისუფლება, დამოუკიდებლობის მოპოვება, საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობა თავისი აჯანყებებით, რეპრესიებითა და ჰოლოდომორით, დამოუკიდებლობის აღდგენა, რუსეთის მიერ პროვოცირებული სეპარატისტული კონფლიქტები, კიდევ ომი და კიდევ ოკუპაცია. ამის მიუხედავად, ხელი ვერავინ და ვერაფერმა აგვაღებინა თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე. ზურგი ვერავინ და ვეფერმა შეგვაქცევინა ჩვენს მიერ არჩეული ისტორიული ევროპული გზისთვის. საქართველოს ისტორია, ისევე როგორ უკრაინის, სიამაყისა და თავდადების ისტორიაა. ისტორიაა განსაცდელისა და ტრაგედიების, დამპყრობელთან შეუპოვარი, გმირული თავგანწირული ბრძოლის მაგალითებისა. ასე იქმნება ერი.
ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის სასწაული მის გამძლეობაში, ქედმოუხრელობაში, გაუტეხლობაში, სიამაყეში იყო და არის. დღეს ჩვენ უკრაინაში სწორედ ასეთ სასწაულ შემართებას ვხედავთ, რაც მჯერა, რომ მხოლოდ გამარჯვებით შეიძლება დასრულდეს.
დღეს არა მხოლოდ უკრაიანს, არამედ მთელ მსოფლიოს უმძიმესი დღეები უდგას. თუმცა უკრაინის ბრძოლა ჯერ გამარჯვებული თუ არა, უკვე წარმატებულია, რამეთუ ამ მოვლენებმა მსოფლიოს თვალი გაახელინა და გამოაღვიძა.
უდავოდ უკრაინის დამსახურებაა უპრეცედენტო საერთაშორისო სოლიდარობა და ამ სოლიდარობაში ერთიანობა; უდავოდ უკრაინის დამსახურებაა ევროკავშირის არნახული სოლიდარობა და სიმტკიცე, ამერიკისა და ევროპის ერთობლივი მოქმედებები. მისი დამსახურებაა დღეს უკვე იზოლირებული, ხვალ კი დასუსტებული რუსეთი.
დღეს ყველასთვის და მათ შორის, საქართველოსთვის გარდამტეხი მომენტია, რამეთუ ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე, რომლებიც ხვალ შესაძლოა კიდევ უფრო მწვავე გახდეს. თუმცა, ამავდროულად, როგორც სჩვევია ისტორიას, გამოწვევებთან ერთად, კრიზისებსა და ომებს ახალი შესაძლებლობები მოაქვთ. ახალი გზები იხსნება. ამ ახალ გზაზე საქართველომ თავისი ადგილი სწორედ ახლა უნდა დაიმკვიდროს. უნდა გვესმოდეს, რა ხდება. გავიაზროთ და მოვემზადოთ ყველა შესაძლო შემთხვევისთვის და არა პასიურად ვისხდეთ და ველოდოთ, მომავალი რას დაგვახვედრებს. ეს არის ჩვენი, ყველა აქ მყოფის ვალდებულება ქვეყნის წინაშე. დრო აღარ ითმენს! თუ ახალ მოვლენებს, საფრთხეებსა და ახალ შესაძლებლობლებს მზადყოფნაში არ დავხვდებით - ეს დრო აღარ დაბრუნდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.