weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთავრობამ წერილობით მითხრა უარი ევროპაში სამუშაო ვიზიტებზე, პირადი კონტაქტებით წავედი – პრეზიდენტი

13:43 ორშაბათი, 14 მარტი 2022

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მთავრობამ საერთაშორისო საქმიანობაზე შეზღუდვები დაუწესა და ევროპაში სამუშაო ვიზიტებზე უარი უთხრა. ზურაბიშვილის თქმით, ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილება იყო.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა დღეს, 13 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„ამ დროს, როცა საჭიროება ყველაზე დიდია და დრო არ ითმენს, გაუგებარია პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ დაწესებული შეზღუდვები. 2022 წლის 26 თებერვალს წერილობით მეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. არსებული ვითარების გათვალისწინებით გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი. ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა. მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა და ასეთი შეზღუდვები, ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ესოდენ რთულ რეგიონში იმყოფება, დამაზიანებელია.

შეზღუდვების დრო კი არა, პირიქით, ვისაც რა შეგვიძლია, საერთაშორისო დონეზე მაქსიმალურად უნდა ავიყოთ ჩართული. მოსვენებას არ უნდა ვაძლევდეთ ჩვენს პარტნიორებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მისი 40-წლიანი გამოცდილება დიპლომატიასა და სტრატეგიულ საკითხებში და ამ პერიოდის განმავლობაში შეძენილი პირადი კონტაქტები, საქართველოსთვის მაქსიმალურად გამოსაყენებელია, ვიდრე დასაკარგი.

„ჩემმა ევროპაში ვიზიტმა დამარწმუნა, რომ არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების ახალი, რეალური და ნამდვილი შანსი, რეალური მზადყოფნა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ამ მოცემულობაში კი, აუცილებელი იყო და მაქსიმალურად ვეცადე, პირადი შეხვედრებით, თუ საერთაშორისო მედიაში გამოსვლებით გამემყარებინა საქართველოს კუთვნილი ადგილი ამ პროცესებში, რათა არ გაჩენილიყო იმის ცდუნება, რომ საქართველო ან დაევიწყებინათ, ან სხვა ჭრილში განეხილათ, ვიდრე უკრაინა ან მოლდოვა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, თუ პრეზიდენტმა ევროპაში წასვლისა და იქ შეხვედრების გამართვასთან დაკავშირებით სიმართლე თქვა, კონსტიტუცია დაურღვევია, „რასაც გაარკვევენ“.

26 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ესაუბრა, რომლებმაც ის პარიზსა და ბრიუსელში მიიწვიეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]