weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

„ალტ-ინფომ“ პირველი მუქარა შეასრულა“ – მარნეულში ენმ-ის ოფისის ფასადი დაამახინჯეს

13:20 კვირა, 20 მარტი 2022
სამირა ბაირამოვას მიერ გავრცელებული ფოტო სამირა ბაირამოვას მიერ გავრცელებული ფოტო

ძალადობრივი და პრორუსული ორგანიზაციის „ალტ-ინფოს“ წევრების მუქარის შემდეგ, მარნეულში, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი წითელი საღებავით შეღებეს და შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს. გადაღებილ ფასადზე მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტის სამირა ბაირამოვას სახელიც იკითხება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი ქველაძე მომხდარს „ალტ-ინფოს“ წევრების მიერ სამი დღის წინ გამართულ აქციას და მათ მუქარას უკავშირებს.

„აქ მოსული იყვნენ ჩემთვის უცნობი ადამიანები, 70-მდე კაცი, რომლებიც ოფისის დამტვრევით და დაწვით გვემუქრებოდნენ. ამის შესახებ ვაცნობე პოლიციას, მოვიდნენ, ნახეს და სხვა არანაირი ზომა არ მიუღიათ. ეს იმას ნიშანია, რომ პოლიცია არ აკეთებს თავის საქმეს. სამირა ჩვენი პარტიის წევრი არ არის. ჩვენთან ოფისშიც არ ყოფილა ეგ გოგო, რატომ გვიკეთებენ? აგერ სამირას სახელიც წერია, ცუდი სიტყვებით მოიხსენიებენ“, – თქვა გივი ქველაძემ „მთავარ არხთან“.

სამირა ბაირამოვა „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პარტიის – „კონსერვატიული მოძრაობის“ საქმიანობას და მარნეულში მათი ოფისს გახსნას ეწინააღმდეგება. 14 მარტს მან მოძრაობის ოფისის ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა, ასევე დაწერა, რომ რუსეთი ოკუპანტია. ამის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, 16 მარტს კი „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისთან შეიკრიბნენ და ბაირამოვას „ორი დღე მისცეს“.

„დააბრუნონ პირვანდელ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორ დღეში ამოვდივართ და აი, ამ საქათმეს, „ნაციონალური მოძრაობის“ საქათმეს ისეთ დღეში ჩავაგდებთ, რასაც დაიმსახურებენ“, – აცხადებდა „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი.

სამირა ბაირამოვაც ამბობს, რომ არასდროს ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და არც რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტიის აქტივისტია, ხოლო ის, რაც დღეს მოხდა, მარნეულში ახალი პროვოკაციის მცდელობაა.

„ალტ-ინფომ“ თავისი პირველი მუქარა შეასრულა. მოვიდნენ ენმ-ის ოფისში და ასე დაამახინჯეს! კარგად იციან, რომ მე არ ვარ ენმ-ის წევრი და ეს მათი პროვოკაცია! იმედი მაქვს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ესმის, რამდენად საშიში არიან“, – განაცხადა სამირა ბაირამოვამ.

15 მარტს, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეჯოს ოფისი დაარბიეს. ოპოზიციური პარტიის წევრები ამ შემთხვევასაც „ალტ-ინფოს“ უკავშირებენ. წინა დღეს, 14 მარტს საგარეჯოელებმა, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა „კონსერვატიული მოძრაობის“ ახალგახსნილ ოფისთან აქცია გამართეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]