weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბჟანია ლავროვს შეხვდა და უკრაინაში რუსეთის „სპეცოპერაციას“ მხარი დაუჭირა

10:50 შაბათი, 26 მარტი 2022

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა. როგორც ბჟანიამ განაცხადა, აფხაზეთი მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის „სპეცოპერაციას“.

„აფხაზეთის მოქალაქეებს ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის სპეციალური ოპერაცია, ჩვენი ხალხი უმეტესწილად მხარს უჭერს ამ აუცილებელ ღონისძიებას. ჩვენ ვაღიარეთ დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფოების დამოუკიდებლობა. ჩვენთან ჩატარდა მრავალათასიანი მიტინგი, ორჯერ ჩავატარეთ ჰუმანიტარული აქცია, ამ რესპუბლიკების მაცხოვრებლებს ტვირთი გავუგზავნეთ. დღეს, 150-ზე მეტი ქალი და ბავშვი აფხაზეთში კარგ პირობებში ისვენებს.

მზად ვართ, დახმარება გავუწიოთ თავდაცვის სამინისტროსა და სპეცსამსახურების მეშვეობით“, – განაცხადა ბჟანიამ.

დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასლამ ბჟანიამ ლავროვს, აფხაზეთის ხალხის სახელით, დაუდასტურა „მოძმე რუსეთის მიმართ გულწრფელი განწყობა“.

„ჩვენ გვაქვს ერთი და განუყოფელი ბედი. არ დავიშურებთ ძალას და საშუალებებს, რომ ეს სიტუაცია ლოგიკურ და სამართლიან დასასრულამდე მივიყვანოთ. ამ მხრივ, შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი აფასებს აფხაზეთის გადაწყვეტილებას ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების თაობაზე.

„ჩვენ აქტიურად შევუწყობთ ხელს ამ ახალ სახელმწიფოებთან კონტაქტების განვითარებას. მიმაჩნია, რომ, ზოგადად, ეს ხელს შეუწყობს სიტუაციის სტაბილიზაციას ჩვენს საერთო გეოპოლიტიკურ სივრცეში“, – აღნიშნა ლავროვმა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სიტყვას „ომი“ არ იყენებს და აცხადებს, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ მიმდინარეობს, რომლის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია“ და „დენაციფიკაციაა“. ომის დაწყებას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]