სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ახალი კატეგორია AM „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად განისაზღვრა და ის მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს აერთიანებს.
მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებზე მართვის უფლების მოსაპოვებლად საჭიროა მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება. თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად, პირველად გასვლის დროს, დაინტერესებული პირები სრულად თავისუფლდებიან გამოცდაზე გასვლის საფასურისგან. AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია რიგში ადგილის დაჯავშნის გარეშე.
თუ პირი ფლობს ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლებას, მას უფლება აქვს, მართოს AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები.
AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში დაინტერესებული პირის მიერ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.
რეგისტრაციის წესების დარღვევა და მართვის უფლების გარეშე მოპედითა და მსუბუქი კვადროციკლით გადაადგილება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს იმ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა, რომელი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.