სიმონიანის განცხადებით, ხალხმა მთელ მსოფლიოში და, პირველ რიგში, რუსეთში, უნდა გაიგოს, თუ როგორი ლამაზია აფხაზეთი.
„ცხოვრებაში ბევრი რამ გვინახავს, მაგრამ ისეთი სილამაზე და სტუმართმოყვარეობა, როგორიც აფხაზეთშია, არსად არის. ამის შესახებ ყველას მოვუყვებით. რუსებმა ეს უნდა იცოდნენ, მოვიდნენ და ისიამოვნონ. ვიცი, რომ აფხაზური სტუმართმოყვარეობა გულგრილს არავის დატოვებს. თუ ჩვენი მხრიდან საჭირო იქნება რაიმე დახმარება მედიაცენტრის მოსაწყობად, ყოველთვის სიამოვნებით გავაკეთებთ ამას. აქ ჩვენი Sputnik-ი მუშაობს, დარწმუნებული ვარ, ისინიც დაგეხმარებიან“, – განაცხადა სიმონიანმა.
ის აფხაზეთის დე ფატრო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიასაც შეხვდა.
„თქვენმა ჩამოსვლამ არა მხოლოდ ჟურნალისტების, არამედ აფხაზეთის ყველა მოქალაქის ინტერესი გამოიწვია. თქვენ ცნობილი ხართ, როგორც სამართლიანი ადამიანი, რომელიც ავრცელებს სიმართლეს როგორიც არ უნდა იყოს ის“, – განაცხადა ბჟანიამ სიმონიანთან შეხვედრაზე.
თავის მხრივ, მარგარიტა სიმონიანმა თქვა, რომ ყოველთვის განიცდიდა „აფხაზეთის სახელმწიფოს ბედს“ და აღნიშნა, რომ ახლაც რთული დროა: „ჩვენ ვიცით, რომ აფხაზეთის მოქალაქეები მონაწილეობას იღებენ უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში, იცავენ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოსახლეობას“, – აღნიშნა სიმონიანმა.
როგორც ცნობილია, სოხუმში გახსნილი მრავალფუნქციური მედიაცენტრის მთავარი ამოცანა „საერთაშორისო საინფორმაციო პოლიტიკის სფეროში აფხაზეთის პოზიციის გაძლიერება“ იქნება და ის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის, ასევე რუსული საინფორმაციო სააგენტოების მხარდაჭერით იმუშავებს.