weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პროკურატურამ წალენჯიხის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს ბრალი წარუდგინა

12:48 ოთხშაბათი, 30 მარტი 2022

პროკურატურამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს პარტიიდან „საქართველოსთვის“ გელა აბულაძეს, რომელიც 28 მარტს დააკავეს, ბრალი წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, საკრებულოს წევრმა ჯამში 100 083 კვ.მ ფართობის 9 მიწის ნაკვეთი თაღლითური გზით გააფორმა საკუთარ დედაზე, დაზე, ბიძაშვილებსა და სხვა ნდობით აღჭურვილ პირებზე.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გ.ა. დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების მისი ოჯახის წევრებზე, ნათესავებზე და ნდობით აღჭურვილ პირებზე თაღლითური გზით დარეგისტრირებაში დახმარება სთხოვა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყება არ მიუთითებს, როდის დაუკავშირდა გელა აბულაძე მერის წარმომადგენელს, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 28 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ეს 2020 წლის პირველ ნახევარში მოხდა. იმ დროს აბულაძე საკრებულოს წევრი არ იყო.

„მერის წარმომადგენელმა შეთანხმებისამებრ გასცა ყალბი ცნობები, რის საფუძველზეც გ.ა.-მ და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა მისმა ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა ერთი დღის ინტერვალით მიმართეს საჯარო რეესტრს და უკანონოდ დაირეგისტრირეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით ქონება.

კერძოდ, წალენჯიხის საკრებულოს წევრის დედამ - 9.858 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკრებულოს წევრის დამ - 11.145 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ბიძაშვილებმა - ორი მიწის ნაკვეთი, თითოეული 12.500 -12.500 კვ.მ. იმავე პერიოდში, გ.ა.-სთან დასაქმებულმა და მისი ნდობით აღჭურვილმა პირებმა დაირეგისტრირეს 54.080 კვ.მ.ფართობის-5 მიწის ნაკვეთი, რომელთაგან ნაწილი საკრებულოს წევრმა მალევე, მის მფლობელობაში არსებული კომპანიის შპს „ლეგის“ სახელზე გადაიფორმა და სწორედ ამ კომპანიის სარგებლობაში მოექცა სახელმწიფოსგან თაღლითურად მიტაცებული მიწები.

ზემოხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, თაღლითური გზით დაუფლებული იქნა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ჯამში 406 250 ლარის ღირებულების, 100 083 კვადრატული მეტრის 9 მიწის ნაკვეთი და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ 8 პირს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერში წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25.180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 341-ე მუხლით (წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარება და სამსახურებრივი სიყალბე), რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს თ.ა-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სახელმწიფო ბრალდება გელა აბულაძის და მერის წარმომადგენლის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

„გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა დადგენისა და მხილების მიზნით“, – აცხადებენ პროკურატურაში.

გელა აბულაძე ექსპრემიერ გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტიის „საქართველოსთვის“ წევრია. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ის წალენჯიხაში საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა და იმავდროულად საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. არჩევნებში გელა აბულაძემ „ქართული ოცნების“ კანდიდატზე მეტი ხმა მიიღო და საკრებულოს წევრი გახდა.

როგორც პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, აბულაძის დაკავება საარჩევნო პერიოდში მასზე დაწყებული ზეწოლის გაგრძელებაა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამ საქმეზე გამოძიება წინასაარჩევნოდ გელა აბულაძესა და მის ოჯახის წევრებზე ზეწოლის განსახორციელებლად წამოიწყო, რაც ვერ შეძლეს და ამით გელა აბულაძე ვერ დააშინეს.

არჩევნების დასრულების შემდეგ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში „ოცნების“ ხელისუფლება სრულად დამარცხდა როგორც მერის არჩევნებში, ასევე წარმომადგენლობით ორგანოში, სადაც ჩვენი პარტია ფლობს გადამწყვეტ ხმებს და საკრებულოს ჰყავს თავმჯდომარე ჩვენი პარტიიდან. „ოცნება“ ვერ ეგუება წაგებულ არჩევნებს მუნიციპალიტეტებში და ცდილობს პოლიტიკური მოცემულობის და მოქალაქეთა არჩევანის ცვლილებას უკანონო დაკავებებით, მოსყიდვით, მუნიციპალიტეტების საბოტაჟით და ა.შ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი წევრი ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან, იქნა მოსყიდული და გადაბირებული“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა 28 მარტს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]