weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნაკაიძე: არ მიმაჩნია პრობლემად ასლან აბაშიძის მსგავსი ადამიანების ამნისტირებაც მოხდეს

19:02 ოთხშაბათი, 30 მარტი 2022

პარლამენტის დეპუტატმა, ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტში, ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, რომ პრობლემად არ მიაჩნია, ამნისტია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ ერთპიროვნულ მმართველსაც შეეხოს.

ნაკაიძის თქმით, ასლან აბაშიძემ პასუხი აგო იმაზე, რაც ჩაიდინა და ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

„ამნისტია ჰუმანური აქტია. მე, რომელიც ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში არაერთი პრობლემის წინაშე აღმოვჩენილვარ, მიმაჩნია, რომ უფრო ჰუმანური აქტი იქნება, თუ ადამიანს, რომელიც პრაქტიკულად ქვეყნისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს, უფლება მივცეთ, ქვეყანაში მინიმუმ დაიკრძალოს და ამ მიწაზე მოკვდეს.

მე არ მიმაჩნია პრობლემად, რომ მსგავსი ადამიანების ამნისტირებაც მოხდეს, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მისი ბაბუა მემედ აბაშიძე მთავარი ფაქტორი იმისა, რომ დღეს აჭარა საქართველოს ერთიანების ქვეშ არის. ამიტომ რაღაც მორალური სიტუაციაც გვაქვს, რომ ასლან აბაშიძე თავის ქვეყანაში დაბრუნდეს.

ვფიქრობ, მან პასუხი აგო იმაზე, რაც ჩაიდინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იქნება ჩვენთვის. ადამიანებს ჰუმანურად უნდა მივუდგეთ და ვფიქრობ, თუნდაც მოღალატეს, თუნდაც ისეთ ადამიანს, ვინც დიდი დანაშაული ჩაიდინა, აქვს უფლება საკუთარ სამშობლოში დაიმარხოს. ჩემი კოლეგების პრეტენზია, რომ ამნისტია არ უნდა შეეხოს მსგავს ადამიანებს, არამგონია სწორი და ჰუმანური იყოს“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

კანონპროექტის ავტორმა, „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ ამნისტია სავარაუდოდ შეეხება ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს, ლევან მამალაძეს და არ შეეხება ასლან აბაშიძეს ან უშიშროების ყოფილ მინისტრს, იგორ გიორგაძეს.

„ამნისტია არ ვრცელდება, მაგალითად, გიორგაძეზე ან აბაშიძეზე, თუმცა არის ეკონომიკური დანაშაულების კატეგორია. დაახლოებით 300-მდე ადამიანს შეიძლება შეუწყდეს ძებნა, ოღონდ საუბარია ეკონომიკურ დანაშაულებზე. თუ სხვა დანაშაული არ აქვს ჩადენილი ბატონ მამალაძეს, ამ შემთხვევაში, ისიც იქნება ამნისტირებული. 

პირდაპირ ვიძახი: მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვინმემ მისაყვედუროს მამალაძეზე რომ გავრცელდა ამნისტია, დაე, გავრცელდეს, ჯანდაბას, მე ვარ ამაზე პასუხისმგებელი, ოღონდ ნუ მათქმევინებთ უარს იმ 300 კაცზე, რომელსაც შეიძლება პოტენციურად ეხებოდეს ამნისტია. მე მხარს დავუჭერ, რომ გავრცელდეს, თუნდაც იმ დაშვებით, რომ შეიძლება გავრცელდეს მამალაძეზე. გავრცელდეს! 2004 წლის პირველი იანვრის მერე, 18-წელგასულზე, ვიაღაც ქურდობაზე არ იყოს ამნისტირებული, არ იქნება კორექტული არცერთი თვალსაზრისით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, 2012 წლის ამნისტია 2004 წლიდან პერიოდს ეხებოდა, ხოლო 2004 წლამდე პერიოდი „რაღაცნაირად დაიჩაგრა“.

„მე არ ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი, რომელიც 2004 წალმდე მუშაობდა, გათახსირებული იყო. აღმოჩნდა, რომ 2004 წლამდე პერიოდი ერთგვარად დაიჩაგრა. დაიჩაგრა იმიტომ, რომ, მაგალითად, ქურდობისთვის მსჯავრდებულ პირებზე ნაკლებად გავრცელდა ხომ? მოხელეებზე არ მაქვს ლაპარაკი“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მეხუთე პუნქტის მიხედვით, ამნისტიის აქტი 2004 წლის პირველ იანვრამდე ჩადენილ დანაშაულებზე გავრცელდება, თუმცა რიგი დანაშაულების შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან არ გათავისუფლდებიან. კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია სამოხელეო დანაშაულსა და თაღლითობაზეც (დაზარალებულის თანხმობის გარეშე) ვრცელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]