weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საუბარია სამხრეთ ოსეთის ხალხის აზრის გამოხატვაზე და ჩვენ მას პატივის ვცემთ – პესკოვი

19:20 ხუთშაბათი, 31 მარტი 2022

კრემლის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით ე.წ. რეფერენდუმის შესაძლო ჩატარებაზე განაცხადა, რომ საუბარია „სამხრეთ ოსეთის ხალხის აზრის გამოხატვაზე“.

„არავითარი პოზიციის გამოხატვა არ შემიძლია. ჩვენ ამ კუთხით არც სამართლებრივი, არც სხვა ქმედება არ განგვიხორციელებია, მაგრამ, ამავე დროს, ამ შემთხვევაში, საუბარია სამხრეთ ოსეთის ხალხის აზრის გამოხატვაზე და ჩვენ მას პატივის ვცემთ“, – განაცხადა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან.

გუშინ, 30 მარტს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რუსეთთან გაერთიანება „რესპუბლიკის სტრატეგიული მიზანია“, საამისოდ იურიდიული ნაბიჯები უახლოეს მომავალში გადაიდგმება და „სამხრეთ ოსეთი თავისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის შემადგენლობაში“ იქნება. რუსეთის მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ წარმომადგენელმა, ანდრეი კლიმოვმა თქვა, რომ რუსეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს სახელმწიფოების ან უცხო სახელმწიფოების ნაწილების ფედერაციის შემადგენლობაში სუბიექტებად მიღების პროცედურას. მისი განმარტებით, ამისთვის ოსი ხალხის ნების გამოხატვაა საჭირო, რაც რეფერენდუმის გზით შეიძლება გაკეთდეს.

რუსულ მედიაში ამ თემაზე რუსეთის დუმის წევრის, დსთ-ს ქვეყნების საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვიქტორ ვოდოლაცკის კომენტარიც გავრცელდა. ის ფიქრობს, რომ ე.წ. რეფერენდუმი შესაძლოა მაისში ან ივნისში ჩატარდეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ოკუპაციის პირობებში „არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა“.

„მით უფრო, რომ ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე არის განდევნილი საკუთარი სახლებიდან და ეთნიკური წმენდის შედეგად, არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება. აქაც გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ჩვენი მეგობრების ძალიან ძლიერი მხარდაჭერა. არ გამოვიყენებთ ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს არის ჩვენი იურიდიული ვალდებულება, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან მკაფიოდ უჭერს მხარს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]