weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

რუსეთის ან მისი მარიონეტების მიერ საქართველოს დაყოფის მცდელობის შედეგებს არ ვაღიარებთ – აშშ

10:50 პარასკევი, 01 აპრილი 2022

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა უპასუხა შეკითხვას, როგორია დეპარტამენტის პოზიცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით.

ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ნაწილების მიმდინარე ოკუპაციას.

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს რეგიონის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე.

არც დე ფაქტო ხელისუფლებას და არც რუსეთის მთავრობას არ აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის მომავალზე, რომელიც საქართველოს ნაწილია.

ისევე, როგორც შეერთებულმა შტატებმა არ აღიარა რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო მიტაცება და ანექსიის მცდელობა 2014 წელს, როგორც არ ვაღიარეთ კრემლის ცინიკური მცდელობა ეცნო აღმოსავლეთ უკრაინაში ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ვიდრე უკრაინაში არაპროვოცირებულ შეჭრას განახორციელებდა, ისე არ ვაღიარებთ რუსეთის ან მისი მარიონეტების მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაყოფის ნებისმიერი მცდელობის შედეგებს.

ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

30 მარტს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რუსეთთან გაერთიანება „რესპუბლიკის სტრატეგიული მიზანია“, საამისოდ იურიდიული ნაბიჯები უახლოეს მომავალში გადაიდგმება და „სამხრეთ ოსეთი თავისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის შემადგენლობაში“ იქნება. რუსეთის მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ წარმომადგენელმა, ანდრეი კლიმოვმა თქვა, რომ რუსეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს სახელმწიფოების ან უცხო სახელმწიფოების ნაწილების ფედერაციის შემადგენლობაში სუბიექტებად მიღების პროცედურას. მისი განმარტებით, ამისთვის ოსი ხალხის ნების გამოხატვაა საჭირო, რაც რეფერენდუმის გზით შეიძლება გაკეთდეს.

რუსულ მედიაში ამ თემაზე რუსეთის დუმის წევრის, დსთ-ს ქვეყნების საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვიქტორ ვოდოლაცკის კომენტარიც გავრცელდა. ის ფიქრობს, რომ ე.წ. რეფერენდუმი შესაძლოა მაისში ან ივნისში ჩატარდეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ოკუპაციის პირობებში „არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]