weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

რა საკითხები განიხილეს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე

19:09 პარასკევი, 01 აპრილი 2022

ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების შემდეგ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა პირველად დღეს, 1 აპრილს ჩატარდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომისიის ფარგლებში ჩამოყალიბდება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ევროკავშირისგან მიღებული კითხვარების აღსრულების მიმართულებით თემატურად იმუშავებენ. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, ევროკომისიას კითხვარზე მუშაობა დაწყებული აქვს და მას საქართველო დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მიიღებს.

„ჩვენი ინფორმაციით, კითხვარი საკმაოდ მოცულობითია და მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ განზომილებებს, ქვეყნის დემოკრატიული სტრუქტურების გაძლიერების კუთხით არსებულ გამოწვევებს. ყველა მიმართულება იქნება კითხვარში მოცული, რაც, ბუნებრივია, ჩვენგან მოითხოვს სერიოზულ მუშაობას იმისთვის, რომ ყველა კითხვაზე გაცემული იქნეს ამომწურავი, კვალიფიციური პასუხი, როგორც ეს შეესაბამება ევროკავშირის კრიტერიუმს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კომისიის დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ ის ყოველ სამ თვეში ერთხელ შეიკრიბება და განიხილავს, როგორ მიმდინარეობს კითხვარის შევსებაზე მუშაობა. გარდა ამისა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალურ რეჟიმში დიალოგის პროცესი გააქტიურდება.

„ევროკავშირის დედაქალაქებშიი ყველა ჩვენს საელჩოს მიღებული აქვს ინსტრუქცია ინდივიდუალურად დაიწყოს თითოეულ ქვეყანასთან მუშაობა, კითხვარის შევსების პერიოდში მათთან მოხდეს აქტიური კომუნიკაცია და მიეწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია იმისთვის, რომ როდესაც ჩვენ ევროკომისიაში შევსებულ კითხვარს წარვადგენთ, ევროკავშირის წევრი თითოეული ქვეყანა იყოს შემზადებული და ჰქონდეს ინფორმაცია ქვეყნის მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ეს საქმიანობა უკვე დაწყებულია. ბოლო დღეების განმავლობაში, პრემიერ-მინისტრს ჰქონდა რამდენიმე სატელეფონო ზარი თავის კოლეგა ევროპელ ლიდერებთან. სატელეფონო ზარები მეც განვახორციელე და ასევე, თბილისში სტუმრად გვყავდა ევროკავშირის ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება განაცხადი და ამ განაცხადზე ეფექტიანი მუშაობის პერსპექტივები იყო“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე ქვეყნის შიგნით და მის გარეთ კომუნიკაციის სტრატეგიაზეც იმსჯელეს. ზალკალიანის თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა, ისევე როგორც პარტნიორმა ქვეყნებმა, უნდა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს მუშაობა იმ მიმართულებებით, რაც კითხვარში იქნება მოცემული.

„ჩვენს ევროპელ პარტნიორებს უნდა დავუსაბუთოთ, დავანახოთ ჩვენი სარგებელი, რომ ჩვენ არა მხოლოდ რიგით, ჩვეულებრივ წევრად გვინდა გვიხილოს ევროკაშვირმა, არამედ ქვეყნად, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროკავშირის შიგნით მიმდინარე პროცესებში და ჩვენი საქმიანობით ვამდიდრებთ ევროკავშირს – როგორც ეკონომიკური განზომილების კუთხით, ისე უსაფრთხოების მიმართულებით“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომისიამ დაამტკიცა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა და მოისმინა 2021 წლის გეგმის შესრულების ანგარიში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]