„ეს უნდათ აქ? და ამდენ ხალხს უნდა მიაშენონ წინ. არ გვაინტერესებს ვინ არის. დავასრულებთ ამაზე წარმოებას და არ აშენდება!
სამინისტრომაც და მერიამაც უზრუნველყავით, რომ გაუქმდეს, თუ ნებართვებია გაცემული და ისედაც, მოუშალეთ ხელშეკრეულება. ეს არ შეიძლება. არასწორი იყო თავიდანვე“, – განაცხადა რიჟვაძემ 31 მარტს, როდესაც სკვერის მოწყობის სამუშაოების დათვალირების დროს, მასთან იმ საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლები მივიდნენ, რომლის წინაც მრავალსართულიანი შენობის მშენებლობა იგეგმებოდა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კომპანია „იალჩინს“ ბათუმის მერიის მიერ უარი ეთქვა მშენებლობის ნებართვაზე. მათივე ცნობით, კომპანიას დარღვეული აქვს აჭარის მთავრობასთან გაფორმებული სახელშეკრულებო ვალდებულებები.
სააქციო საზოგადოებამ „ია-ფეთ იალჩინ პეტროლ თურიზმ თიჯარეთი-ის წარმომადგენლობა საქართველოში“ ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ 3845 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აჭარის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აქუციონზე 2015 წელს შეძინა და 939 000 აშშ დოლარი გადაიხადა. კომპანიას მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა 2019 წელს უნდა დაესრულებინა, თუმცა მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსების მცხოვრებლების პროტესტის გამო სამუშაოები ვერ დაიწყო.