weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

საბოლოოდ ნამახვანჰესის პროექტი უნდა განხორციელდეს – ეკონომიკის მინისტრი

14:19 ორშაბათი, 04 აპრილი 2022

„სამწუხაროა, რომ გვიწევს კიდევ ერთი პროექტის დაგვიანებაზე საუბარი და ეს არის, ალბათ, გასაზიარებელი პასუხისმგებლობა ბევრი სხვადასხვა მხარის მიერ“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

„არ ვსაუბრობ, რომ ერთი რგოლის პრობლემა იყო მხოლოდ. ეს იყო კომუნიკაციის ნაკლებობა, მათ შორის, ინვესტორის მხრიდან, ასევე იყო, ვფიქრობ, გადამეტებული და გარკვეულწილად უპასუხისმგებლო ქმედებებიც ზოგიერთი ჯგუფის მიერ, რომელმაც ასევე ნეგატიურად იმოქმედა პროექტის გაგრძელებაზე და გარკვეული რისკები შეუქმნა საქართველოს სახელმწიფოს ამ კუთხით.

თუმცა, ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, მაგრამ განხორციელდეს სწორად, მოხდეს მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან.

ვფიქრობ, ამ პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე იყო საკმაოდ ბევრი მსჯელობა და ბევრ კითხვას პასუხი გაეცა. ამიტომ ამაზე ბევრი საუბარი საჭირო არ არის, საჭიროა ქმედებები, ყველაზე მეტად“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სახელმწიფოს თანამონაწილეობას რაც შეეხება, ლევან დავითაშვილის თქმით, ენერგეტიკული პროექტები, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მეტ ჩართულობას საჭიროებს და ეს ასეც იქნება.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოში რაც შეიძლება მეტი ჰესი უნდა ავაშენოთ“.

„ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკის სექტორში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა.

მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ტემპები და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში, იქნება ეს მცირე, საშუალო თუ დიდი ჰესები.

წლიდან წლამდე გვეზრდება ელექტროენერგიის მოთხოვნა. მოხმარება იზრდება, ამ დროს, გენერაცია მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოთხოვნას და მოხმარებას, რაც ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებს ჩვენს ქვეყანას და ზოგადად, ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობას“,- აღნინა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს დაავალა და მთავრობა რამდენიმე დღეში შეიმუშავებს და წარმოადგენს მოდელს, დარგში გენერაციის ობიექტების მშენებლობის ხელშეწყობისთვის.

ენერგეტიკის და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის მიხედვით, სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, 2023 წლამდე, მხარს დაუჭერს შემდეგ ჰიდროელექტროსადგურებს (13 მგვტ-ზე ზევით) :

  • კირნათი - 51.25 მგვტ. - „აჭარ ენერჯი 2007“
  • ხობი - 46.7 მგვტ. - შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია“
  • მტკვარი - 53 მგვტ. - შპს „მტკვარი ჰესი“
  • ნენსკრა - 280 მგვტ. -
  • მესტიაჭალა 1 - 20 მგვტ. - სს „სვანეთი ჰიდრო“
  • სტორი 1 - 20.03 მგვტ. - შპს „გოტა 21“
  • სამყურისწყალი 2 - 26.28 მგვტ. - შპს „ფერი“
  • მეტეხი 1 - 36.73 მგვტ. - შპს „ფაზისი ენერგი და იენუგენი“
  • ხელედულა 3 - 50.77 მგვტ.
  • წაბლარი 2 - 24 მგვტ.
  • ღები - 14.34 მგვტ.
  • ჭიორა - 14.15 მგვტ. - შპს „ჭიორა ჰესი“
  • ზოტი - 44.31 მგვტ. - სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია“

ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის ინვესტორმა კომპანიამ შპს „ენკა რინიუებლზმა“ საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება გაწყვიტა და დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ქონება ჩამოწერა. ამის შესახებ წერია თურქული კომპანია Enka İnşaat-ის 2021 წლის ფინანსურ ანგარიშში, რომელიც 2022 წლის 2 მარტით თარიღდება. აღნიშნული კომპანია „ენკა რინიუებლზის“ 90%-იან წილს ფლობს.

რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელებას 14 თვეზე მეტია უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებს მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“. მათი პროტესტი კიდევ უფრო გამძაფრდა და გაფართოვდა გასული წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მთავრობას ინვესტორი კომპანიისთვის 99 წლის ვადით ხეობაში 576.3 ჰექტარი ჰქონდა გადაცემული. გარემოსდაცვითი და უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები „ენკა რინიუებელზთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას აფასებდნენ როგორც „კაბალურს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]