weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არ გეუბნებით იბრძოლოთ, მაგრამ კონტრაბანდულ იარაღს მაინც ნუ გაატარებთ – ვერეშჩუკი

17:59 ორშაბათი, 04 აპრილი 2022

„სამწუხაროდ, ჩვენი დაზვერვა არ ცდება. მე ძალიან მინდა, ცდებოდეს, მაგრამ არ ცდება“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციაზე, რომ რუსეთი საქართველოს „პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან“ შეთანხმებით არხებს ქმნის, რომელთა მეშვეობითაც სამხედრო დანიშნულების საქონლის საზღვარზე უკანონოდ შეტანა სურს.

ვერეშჩუკმა ამ საკითხზე კომენტარი ტელეკომპანია „ფორმულას“ მისცა:

„ჩვენმა მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ საჯაროდ განაცხადა და დაადანაშაულა რუსეთი და საქართველო, რომ ისინი ჩვენს ზურგს უკან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, როგორ გახსნან კონტრაბანდისთვის გზა. ეს საქონელი არ არის მაკარონი და წიწიბურა, არამედ საუბარია სამხედრო საქონელზე – სამხედრო ტექნიკაზე, ამ ტექნიკის ნაწილებზე.

თუ ეს ყველაფერი სიმართელეა და მე არ მაქვს საფუძველი არ დავუჯერო ჩვენს დაზვერვას, როგორ არის ეს შესაძლებელი? რატომ აძლევთ უფლებას თქვენს ხელისუფლებას, მისცენ საქართველოს სპეცსამსახურებს მითითებები, თვალი დახუჭონ კონტრაბანდის არხებზე?

რატომ აძლევთ ასე მოქცევის უფლებას თქვენს პრემიერს, თქვენს მთავრობას, რომელსაც სამწუხაროდ, არ ესმის, რა იქნება მომავალში, თუ ახლა არ გავაჩერებთ რუსეთს და პუტინს.

არ გამოვა მოლაპარაკება. არ გამოვა იმის თქმა,რომ „ნეიტრალურები ვართ“, „არ შეგვიძლია სანქციების დაწესება, იმიტომ რომ ისინი არაფერს მოიტანს“, „მოდით, გავხსნათ ავიამიმოსვლა, დავეხმაროთ რუსეთს და ეს გადაგვარჩენს“. ამან ვერ გადაგარჩინათ 2008 წელს და ეს ზუსტად ვერ გადაგარჩენთ ახლა.

მე დიდი იმედი მაქვს ქართველი ხალხის, რომელიც გამოდიოდა ქუჩაში; ასობით ათასი ადამიანის, რომელსაც ომის შეწყვეტა სურდა, რომელსაც არ სურს, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული საქართველოს ხელისუფლება ასე იქცეოდეს უკრაინასთან და იმ ყველაფერთან მიმართებაში, რაც ახლა ხდება.

ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი ძმები და დები ნებას მისცემთ, რომ კონტრაბანდის არხებით გადიოდეს იარაღი, რომლითაც ჩვენ მოგვკლავენ, ჩვენს ქლებსა და ბავშვებს, ჩვენს ბუჩას, ირპენს, ხარკოვს, ხერსონს, ჩერნიგოვს.

ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ საკუთარ თავს. როგორ, რატომ მოხდა ეს? რა დაგიშავეთ? შეგიძლიათ ამაზე პასუხი გაგვცეთ?

თქვენ ხომ ამაყი ხალხი ხართ? ხომ ვერ დაუშვებთ, რომ ასე იქცეოდეს თქვენი ხელისუფლება. თქვენ ხომ უნდა უთხრათ – „არა, ასე არ შეიძლება. ჩვენ გვკლავდნენ და ვიცით, რა მტკივნეულია ეს“. თქვენ ხომ მსხვერპლი ხართ? 2008 წელს თქვენ დაგადანაშაულეს იმაში, რომ თავს დაესხით რუსეთს. ნუთუ ეს შესაძლებელია? ამდენი წელი გავიდა და ისე – „უკრაინა დაესხა თავს“, „რუსეთი, რომ არა უკრაინა დაესხმებოდა თავს“. ამის გჯერათ? თქვენ გჯერათ, რომ ჩვენ ვხოცავდით ჩვენს ბავშვებსა და ქალებს ბუჩაში?

როგორ შეიძლება ეს, ადამიანებო? გთხოვთ, გააჩერეთ თქვენი ხელისუფლება. აუხსენით მათ, რომ ასე არ შეიძლება, ამისგან კარგი არაფერი გამოვა. ჩვენ ვიბრძოლებთ. გვიყურებთ, როგორ გვინდა მშვიდობა დადგეს, მაგრამ თუ თქვენ არ დაგვეხმარებით, ხომ იცით როგორ ხდება ეს, რა არის ეს. რაღაც უნდა გააკეთოთ. მოდით, გავერთიანდეთ.

მე არ გეუბნებით, რომ იბრძოლოთ ჩვენს გამო და მოგვცეთ იარაღი, მაგრამ კონტრაბანდულ იარაღს თქვენს ტერიტორიაზე გავლის საშუალება მაინც ნუ მისცეთ. ეს პატარა ნაბიჯი მაინც გადადგით ომის დასასრულებლად“, – განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.

უკრაინელი პოლიტიკოსის თქმით, საქაართველოს ხელისუფლება ფიქრობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებით, დახმარებით რაღაც სარგებელს მიიღებს. ირინა ვერეშჩუკმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, არ დაუშვან ქართველებისა და უკრაინელების დაპირისპირება.

უკრაინის ვიცე-პრემიერისა და დაზვერვის ბრალდებებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყება აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველო უმკაცრეს კონტროლს ახორციელებს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო „სრული პასუხისმგებლობით“ აცხადებს, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]