weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან“ – ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში

11:59 სამშაბათი, 05 აპრილი 2022

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიშში, რომელიც 2020 წლის აპრილიდან 2022 წლის თებერვლამდე პერიოდს მოიცავს, ნათქვამია, რომ საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ძირითად დემოკრატიულ პრინციპებსა და პოლიტიკურ ვალდებულებებთან მიმართებაში.

ევროპის პარლამენტის კვლევის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციის კონტექსტში, დემოკრატიული ინსტიტუტები თანდათან კარგავენ საკუთარ არსს და მმართველი კოალიცია სულ უფრო მეტად ზრდის თავის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციას და ასევე, ზღუდავს სივრცეს განსხვავებული აზრისთვის.

ანგარიშის თანახმად, 2020 წლის აპრილიდან მოყოლებული საქართველოში კანონის უზენაესობის მდგომარეობა გაუარესდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამას პირველ რიგში ოპოზიციის ლიდერების დაკავება მოწმობს. ანგარიშის მიხედვით, ნიკა მელიას დაკავებიდან რამდენიმე თვეში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებამ „გააძლიერა შეშფოთება სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევასთან დაკავშირებით“.

„კანონის უზენაესობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაზეც მოწმობს ოპოზიციის ლიდერების გახმაურებული დაკავებები, 2019 წლის ივნისის და 2021 წლის ივლისის ძალადობრივი ინციდენტების ეფექტური გამოძიების არარსებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება.

2020 წლიდან სასამართლო სისტემაში განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ, მოსამართლეთა ნაჩქარევმა და არაგამჭვირვალე დანიშვნებმა, გენპროკურორის დანიშვნის რეფორმის წარუმატებლობამ, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა, ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაში არსებულ მნიშვნელოვან შეფერხებებს. 2020-21 წლებში განხორციელებული ცვლილებები არ ეფუძნება არც მმართველ კოალიციასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსს და არც სამოქალაქო საზოგადოების ფართო მონაწილეობას.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რჩება რეგიონალურ ლიდერად კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ანტიკორუფციული რეფორმები ბოლო წლებში შენელდა და მაღალი დონის კორუფციის ეფექტური გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ დაიწყო დეცენტრალიზაციის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელსაც აქვს დიდი პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ფინანსური და ტერიტორიული გავლენა აქვს. თუმცა, დეცენტრალიზაციის რეფორმა, უპირველეს ყოვლისა, განპირობებული იყო უფრო ეფექტური მენეჯმენტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის აუცილებლობით, ვიდრე ადგილობრივ დონეზე ეფექტური მმართველობის ხელშეწყობის სურვილით“, – ნათქვამია ანგარიშში.

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ სურათი არაერთგვაროვანია:

„ქართული მედიის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა 2020 წლის აპრილიდან. მიუხედავად იმისა, რომ მედია გარემო პლურალისტურია, მედიის პოლარიზაცია გაიზარდა პოლიტიკური კრიზისის პარალელურად, რაც განსაკუთრებით შესამჩნევი იყო საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდში. სამუშაო გარემო, რომელშიც ჟურნალისტები მუშაობენ საქართველოში, უფრო რთული გახდა. მედიის მფლობელობა და პოლიტიკურ პარტიებთან კავშირები კვლავ პრობლემად რჩება. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ბაზა ქმნის მყარ საფუძველს გამოხატვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად, გახშირდა მედიის საქმიანობაში ჩარევა, ასევე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები ჟურნალისტებზე“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მმართველი უმრავლესობა სულ უფრო მეტად აკრიტიკებს მედია საშუალებებს, „ქართული ოცნების“ წევრები და ასევე სამთავრობო უწყებები ცდილობდნენ ოპოზიციის დისკრედიტაციას მისი დეზინფორმაციის წყაროდ წარმოჩენით.

„მმართველი უმრავლესობის მხრიდან მომდინარე სიტყვიერი შეტევები ქმნის მტრულ გარემოს ქართული მედიისთვის და გზას უხსნის ფიზიკურ ძალადობას.

2021 წელს ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმის 90-ზე მეტი თავდასხმის შესახებ გახდა ცნობილი.

ძალადობამ დრამატული სახე მიიღო 2021 წლის 5-6 ივლისს Tbilisi Pride-ის დროს, როდესაც რადიკალური და ჰომოფობიური ჯგუფები თავს დაესხნენ მედიის 53 წარმომადგენელს, ხოლო ლესკო ლაშქარავა, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც სცემეს. ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადებით, ფართომასშტაბიან ძალადობაში ესკალაცია ხელისუფლების მიერ იყო წახალისებული, რომელმაც არ მიიღო შესაბამისი უსაფრთხოების ზომები, მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოების არაერთგზის მოწოდებისა. მედიის წარმომადგენლების მიმართ მუქარა და ძალადობა შიშს იწვევს ჟურნალისტებში“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ძლიერია, თუმცა მასზე გავლენას ახდენს ქვეყანაში მზარდი პოლიტიკური ანტაგონიზმი.

„გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციისთვის არსებული არხების ეფექტურობა სერიოზულ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ამის საპირისპიროდ, 2020-21 წლებში საქართველომ მიიღო მნიშვნელოვანი ზომები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად და სამსახურში გენდერული თანასწორობის გასაუმჯობესებლად. ბავშვთა უფლებების კოდექსის ძალაში შესვლა ასევე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ბავშვების დასაცავად, მიუხედავად სექსუალური ძალადობისა და ბავშვების ექსპლუატაციის დანაშაულებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევებისა.

COVID-19-ის პანდემიის გამო შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებისა და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოვების შედეგად, დასაქმებულთა უფლებები არსებითად გაუმჯობესდება.

სექსუალური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაცია და დანაშაული კვლავ მთავარ პრობლემად რჩება“, – ნათქვამია ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]