weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სუს-ი უკრაინის სამხედრო დაზვერვას მტკიცებულებების წარმოდგენისკენ მოუწოდებს

12:13 სამშაბათი, 05 აპრილი 2022

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რუსეთი, საქართველოს „პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან“ შეთანხმებით, არხებს ქმნის, რომელთა მეშვეობითაც, მათ შორის, სამხედრო დანიშნულების საქონლის საზღვარზე უკანონოდ შეტანა სურს.

სუს-ი უკრაინულ მხარეს მტკიცებულებების დაუყოვნებლივ მიწოდებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩათვლის, რომ „გავრცელებული განცხადება წინასწარგანზრახული დეზინფორმაციაა“.

„უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, საქართველოს სპეციალურ სამსახურებს აქვთ ფარული კავშირები რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან, საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდული ტვირთების გადატანის ორგანიზების მიზნით.

აღნიშნული ქმედება, საქართველოს კანონმდებლობით, წარმოადგენს სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით.

საქართველოს ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ამგვარი დანაშაულის ნებისმიერ შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით.

აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციის გაცვლის მიზნით, გუშინვე შეხვდა საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს. შეხვედრის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების საფუძვლებით და მოითხოვა დეტალური ინფორმაციის გაზიარება საკითხთან დაკავშირებით.

შევახსენებთ უკრაინულ მხარეს, რომ ასეთი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა არაერთი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებით არის განსაზღვრული.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ გავრცელებული განცხადება წინასწარგანზრახული დეზინფორმაციაა, წარმოადგენს უკიდურესად არამეგობრულ და პროვოკაციულ ნაბიჯს და მიზნად ისახავს საქართველოში შიდა არეულობის პროვოცირებას, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურება მხოლოდ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების ინტერესებს“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციაზე გუშინ კომენტარი უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა გააკეთა და თქვა, რომ „სამწუხაროდ, დაზვერვა არ ცდება“. ვერეშჩუკის განცხადებით,  საუბარია არა მაკარონსა და წიწიბურაზე, არამედ სამხედრო საქონლის – სამხედრო ტექნიკისა და მისი ნაწილების კონტრაბანდაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]