weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

მოვიდა დრო სამხრეთ ოსეთი შინ, რუსეთში დაბრუნდეს – ბიბილოვი

15:26 სამშაბათი, 05 აპრილი 2022

„სამხრეთ ოსეთი ყოველთვის მიისწრაფოდა რუსეთის ფედერაციაში, იმიტომ, რომ ოსები, სამხრეთ ოსები, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა ხალხები, რუსეთს საკუთარ ისტორიულ სამშობლოდ მიიჩნევენ. აქ ყირიმისგან განსხვავებას ვერ ვხედავ. ყირიმი შინ დაბრუნდა და დღეს, ვფიქრობ, სამხრეთ ოსეთის დაბრუნების დროც მოვიდა“, – ამის შესახებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

ბიბილოვმა ინტერვიუ რუსულ სახელისუფლებო მედიას მისცა. მისი თქმით, ე.წ. რეფერენდუმს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ყველა უჭერს მხარს.

„რატომ, იმიტომ, რომ ეს ანატოლი ბიბილოვის სურვილი არ არის, არამედ ხალხის სურვილია, ანუ მე ხალხის სურვილს ვაჟღერებ, რაც აბსოლუტურად კავშირშია ჩემს სურვილთან. სხვათა შორის, 1992 წლის რეფერენდუმზე რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხმა მოსახლეობის 99.8%-მა მისცა. არ მგონია, რომ ახლა ციფრებში მნიშვნელოვანი სხვაობა იქნება“, – განაცხადა ბიბილოვმა.

დე ფაქტო პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა მეტ უსაფრთხოებას და განვითარებას ნიშნავს.

„ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთი უფრო უსაფრთხოდ იქნება, ვიდრე ახლა, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი.

უპირველეს ყოვლისა, სერიოზულად გაუმჯობესდება უსაფრთხოება, გაიზრდება თვითონ ხალხისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უსაფრთხოება. მეორე, რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ წინა პლანზე უნდა დავაყენოთ ჩვენი ისტორიული და სტრატეგიული მიზანი. დანარჩენი საკითხებია ეკონომიკური განვითარების მეტი შესაძლებლობა, ჯანდაცვის განვითარების მეტი შესაძლებლობა, განათლება, სპორტი, ტურიზმი და იმ სფეროების მთელი სპექტრი, რომლითაც სახელმწიფომ და ხალხმა უნდა იცხოვროს. ამიტომ, რა თქმა უნდა, რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა უდიდეს შესაძლებლობების ნიშნავს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხალხისთვის“, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

დე ფაქტო პრეზიდენტი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევა, კიდევ ერთი რეფერენდუმი ჩატარდება – ე.წ. ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების თაობაზე.

შეკითხვას, რა სიგნალი მიიღო რუსეთის ფედერაციისგან რეფერენდუმის საკითხთან დაკავშირებით, ბიბილოვმა უპასუხა, რომ რუსეთის დუმის წევრები, სენატორები, „სერიოზული პოლიტიკური მოღვაწეები“ საუბრობენ იმაზე, რომ ამის გაკეთება აუცილებელია: „წამყვანი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები სრულად უჭერენ მხარს ამ იდეას, აფასებენ ამ განცხადებას და მათ მშვენივრად იციან, რომ, სინამდვილეში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ოსეთის ხალხისთვის“.

ანატოლი ბიბილოვს ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების თარიღი არ დაუსახელებია. როგორც მან განმარტა, ჯერ საჭიროა იურიდიული საკითხების მოგვარება, კერძოდ, ე.წ. უზენაესი სასამართლოსთვის მიმართვა და მისი პასუხის შესაბამისად ე.წ. რეფერენდუმის მომზადების პროცედურის დაწყება, შემდეგ კი თარიღის დანიშვნა.

ბიბილოვმა უარყო, რომ რეფერენდუმის თემის წამოწევა 10 აპრილს დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და მის ე.წ. წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება: „როდესაც ვამბობთ, რომ ეს ისტორიული მოვლენაა, საბედისწერო მოვლენაა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოსახლეობისთვის, ის აბსოლუტურად არ უნდა იყოს დაკავშირებული საარჩევნო კამპანიასთან და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასთან“.

საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. არჩევნებისა და რეფერენდუმების ლეგიტიმურობას არ აღიარებს.

რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.

 

ამ თემაზე:

მალე სამხრეთ ოსეთი თავისი ისტორიული სამშობლოს, რუსეთის ნაწილი იქნება – ბიბილოვი

ბიბილოვის განცხადება ჩვეულებრივი წინასაარჩევნო რიტორიკაა – კობახიძე

რუსეთის ან მისი მარიონეტების მიერ საქართველოს დაყოფის მცდელობის შედეგებს არ ვაღიარებთ – აშშ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]