weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

9 აპრილი შეგვახსენებს, რომ თავისუფლებას მოფრთხილება სჭირდება – კობახიძე

11:20 შაბათი, 09 აპრილი 2022

„ამ გმირების ხსოვნის წინაშე ჩვენი ვალია, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ მათ მონაპოვარს. ეს არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან.

კობახიძემ, თანაპარტიელებთან ერთად, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„ეს, პირველ რიგში, ტრაგიკული დღეა, რომელიც ყველას ძალიან მძიმედ გვახსოვს. გარდა ამისა, ეს დღე შეგვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება და შეგვახსენებს იმას, რომ თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური მოფრთხილება და ზრუნვა“, – განაცხადა კობახიძემ.

1989 წლის 9 აპრილს, დილის 4 საათზე, გენერალ-პოლკოვნიკ იგორ როდიონოვის ბრძანებით საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა დანაყოფებმა ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარებისა და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში გამართული მშვიდობიანი აქციის მონაწილეები. დაშავდა ასობით ადამიანი და დაიღუპა 21 დემონსტრანტი: აზა ადამია 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი 16 წლის; ნატო გიორგაძე 23 წლის; თამუნა დოლიძე 28 წლის; თინა ენუქიძე 70 წლის; ნინო თოიძე 25 წლის; ზაირა კიკვიძე 61 წლის; მანანა ლოლაძე 33 წლის; თამარ მამულიშვილი 50 წლის; ვენერა მეტრეველი; მამუკა ნოზაძე 22 წლის; ნანა სამარგულიანი 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი; მარინა ჭყონია-სამარგულიანი 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი 25 წლის; თამარ ჭოველიძე 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილ, 40 წლის; მზია ჯინჭარაძე 43 წლის; მანანა მელქაძე 23 წლის; გია ქარსელაძე 25 წლის.

ორი წლის შემდეგ, საქართველომ აღიდგინა გასაბჭოების შედეგად, 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 1993 წელს, საქართველოს პარლამენტმა 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღედ გამოაცხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]