weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტოტალიზატორთან შეხება არ მაქვს, მამაჩემმა მოიგო – ქობულეთის ვიცე-მერი 28 000$-იან მანქანაზე

14:26 შაბათი, 09 აპრილი 2022

ქობულეთის ვიცე-მერმა, დავით ვერულიძემ 2021 წლის ქონებრივ დეკლარაციაში გათამაშებაში მოგებული ავტომობილის გაყიდვის შედეგად 28 000 აშშ დოლარის მიღება ასახა. როგორც ის ამბობს, ონლაინ ტოტალიზატორში დედამისის მონაცემებით მამამ ითამაშა და მოგებული ძვირადღირებული პრიზიც მას ეკუთვნოდა.

ქობულეთის მერიის მაღალჩინოსნის მიერ ავტომობილის მოგების შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია TV 25-მა გაავრცელა. „რეგინფოსთან“ ინტერვიუში დავით ვერულიძე ამბობს, რომ ავტომობილი VOLVO XC40 მამამისმა ონლაინ ტოტალიზატორში 2021 წლის ივლისში, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოიგო, სექტემბერში კი, ავტომობილის ჩაბარების შემდეგ, ოჯახმა ის 28 000 დოლარად გაყიდა.

„მამაჩემმა გართობის მიზნით გადაწყვიტა ფსონის დადება. „ევროპაბეთის“ ონლაინ ტოტალიზატორი 15 ავტომობილს ათამაშებდა.

ფსონი დედაჩემის მონაცემებით დადო, რაშიც ტექნიკურად მეც დავეხმარე. აზარტულ თამაშებთან შეხება არ მაქვს, კაზინოში არ მითამაშია, მაგრამ სულ რომ მე მომეგო, ეს კანონის დარღვევა არ იქნებოდა, რადგან გასულ ზაფხულს მოხდა“, – განაცხადა ვერულიძემ, რომელიც მედიას დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

დავით ვერულიძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიხედვით, გათამაშებაში მოგებული ავტომობილი მისმა დედამ, ირინე ზოიძემ გაყიდა.

ვერულიძე ქობულეთის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას 2021 წლის ნოემბრიდან იკავებს. მანამდე, 2017 წლიდან ის მერის მოადგილე იყო.

2022 წლის პირველი მარტიდან აზარტულ თამაშობებთან დაკავშირებით კანონმდებლობა გამკაცრდა. მინიმალურ ასაკობრივი ცენზი 25 წლამდე გაიზარდა, აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა აეკრძალათ სოციალურად დაუცველებს, საჯარო მოხელეებს, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ეროვნულ ბანკში და მარეგულირებელ ორგანოში დასაქმებულებს. გარდა ამისა, თამაშობებში მონაწილეობა ეკრძალებათ დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილ მოქალაქეებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]