როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და უკრაინას შორის ნებისმიერი ბზარი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს ახეირებს.
„ჩვენი მაგალითი არის ის, რომ 1989 წლის 9 აპრილის მოყვა 1991 წლის 9 აპრილი. ეს არის გამარჯვების მაგალითი. ეს არის იმედი, რომ ყოველი ბრძოლა ყოველთვის ღირს, თუ ეს არის ღირსებისთვის, თუ ეს არის თავისუფლებისთვის.
ჩვენ ეს არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს და ჩვენ უნდა ვიდგეთ ჩვენ უკრაინელი ძმების გვერდით. ნებისმიერი ბზარი ჩვენსა და უკრაინას შორის მხოლოდ და მხოლოდ ერთს ახეირებს და ეს არის რუსეთი. არ უნდა დაგვავიწყდეს და ვიყოთ სოლიდარული, ვიყოთ ჩვენი წარსულისა და ჩვენი ტრადიციების ღირსი და ამ ადამიანების ღირსი, ვინც აქ 1989 წელს იდგნენ და არ დაჩოქილან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დღეს 33 წელი შესრულდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევიდან. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარებისა და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი.