weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ხამს მოყვარე მოყვრისათვის...“ – რადას თავმჯდომარემ პაპუაშვილს მიმართა

02:20 ორშაბათი, 11 აპრილი 2022
რუსლან სტეფანჩუკი რუსლან სტეფანჩუკი

უკრაინის უმაღლესი რადას (პარლამენტის) თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პასუხს უკრაინაში მიწვევაზე.

„არასათანადო - ასე დაახასიათა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჩემი მოწვევა ბუჩასა და ირპინის მოსანახულებლად. ის შეუძლებლად მიიჩნევს უკრაინაში გამგზავრებას მანამ, ვიდრე „უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლები სრულად არ გაიაზრებენ იმ მხარდაჭერას“, რომელსაც საქართველო გვიწევს. ასეთი ძლიერი მხარდაჭერის მაგალითად მან მოიყვანა საქართველოს ხმა უკრაინის სასარგებლოდ საერთაშორისო პლატფორმებზე, როგორიცაა გაერო“, – აცხადებს რუსლან სტეფანჩუკი.

ის კოლეგას, შალვა პაპუაშვილს მიმართავს და ამბობს, რომ უკრაინა აფასებს ნებისმიერ დახმარებას, რომელსაც სხვა ქვეყნებისგან იღებს ამ რთულ დროს.

„ჩვენ ყოველდღე ვითხოვთ უფრო მკაცრ სანქციებს, სამხედრო, პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. არიან ქვეყნები, რომლებიც ყველა სფეროში გვეხმარებიან და არიან ქვეყნები, რომლებიც გვეხმარებიან მხოლოდ ერთეულ საკითხებში.

ჩვენ ვაფასებდით და ყოველთვის ვაფასებთ მოძმე ქართველი ხალხის გულწრფელ მხარდაჭერას. ჩვენ ვიცით, რომ ქართველები ყოველთვის გულწრფელი და მამაცი მეომრები ხართ, რომელთაგან ბევრი დღეს გვერდში უდგას ჩვენს დამცველებს და იცავენ უკრაინას რუსეთის შემოჭრისაგან. ისევე, როგორც ბევრი უკრაინელი 2008 წელს იდგა ქართველების გვერდით იმავე რუსეთის წინააღმდეგ, ვინც შელახა თქვენი დამოუკიდებლობა, შთანთქა თქვენი ტერიტორიის ნაწილი, დახოცა თქვენი ხალხი.

მაშინ, რუსეთისადმი თქვენი წინააღმდეგობის პირველივე დღეებიდან, უკრაინა მხარს უჭერდა საქართველოს: როგორც პოლიტიკურ და საინფორმაციო, ასევე საერთაშორისო და სამხედრო დონეზე. უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების („ბუკ“, „ოსა“) წყალობით თქვენ დაიცავით თქვენი ცა.

მაგრამ ჩვენ არ ვეჯიბრებით მხარდაჭერის ზომით. მხარდაჭერა ყოველთვის გულწრფელი უნდა იყოს და ყველა, ვინც ასეთ დახმარებას წევს, მოქმედებს ისე, რის საშუალებასაც მას გარემოებები, სინდისი და მოვალეობის გრძნობა აძლევს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ, პოლიტიკოსებს, ყოველთვის ჩვენი ხალხი და ისტორია განგვსჯის.

ერთადერთი, რაც ენით აღუწერელ დაბნეულობის განცდას იწვევს ჩემში, არის კითხვა:

არის თუ არა მიზანშეწონილი უწოდო „არასათანადო“ მეგობარ ქვეყანაში მიწვევას, მისი მდგომარეობის ნახვას, მისი მწუხარების გაზიარებას, მხარდაჭერის სიტყვების თქმას? მე მგონია, რომ მეგობარმა ეს მოწვევის გარეშე უნდა გააკეთოს.

ბოლოს და ბოლოს, ჩემი აზრით, სწორედ ამაზე თქვა დიდმა შოთა რუსთაველმა: „ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად“, – ამბობს რუსლან სტეფანჩუკი.

შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ჩასვლაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ ოფიციალური მიწვევა „არასათანადოდ ჩანს“ საკითხების, მათ შორის, „დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებსა“ და „კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულების“ განუმარტებლობის ფონზე.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]