weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მზად არიან უკრაინაში წავიდნენ – მდინარაძე

15:36 ორშაბათი, 11 აპრილი 2022

„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უკრაინაში წასასვლელად მზად არიან.

„არავის არ აქვს უკრაინაში ჩასვლის პრობლემა, პირდაპირ ვთქვათ. საპარლამენტო უმრავლესობაში როცა ეს საკითხი გავიარეთ, ვიმსჯელეთ, საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, დღესვე, ხვალვე, როცა საჭირო იქნება, როცა პროტოკოლურად შეთანხმდება ეს საკითხი და ფიზიკურად დალაგდება წასვლის თემა, შეგვიძლია, საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან რამდენიმე ადამიანი წავიდეს უკრაინაში და გამოთქვას დამატებით, კიდევ ერთხელ სამძიმარი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ვიზიტს, როგორც მდინარაძემ განაცხადა, ეს უკრაინული მხარისგან გარკვეულ საკითხებზე პასუხის მიღების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„სამწუხაროდ, დღემდე არ მიგვიღია პასუხი ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებისგან, რატომ დაგვაბრალეს გადაუმოწმებლად და უაპელაციოდ, თითქოს საქართველო ამ კონკრეტულ მოცემულობაში რძესთან და ყველთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუსეთთან, რატომ დაგვაბრალეს ბოლო დროს ისეთი ამორალური რამ, რასაც იარაღის კონტრაბანდა ჰქვია. რატომ გაიწვიეს ელჩი მაშინ, როდესაც საქართველოს მხარდაჭერა უპრეცედენტოა.

უკრაინის ფოსტის გავლით საქართველოსნაირი დახმარება არავის გაუწევია უკრაინისთვის, მაგრამ ეს პირობითად მეორეხარისხოვან თემად ჩავთვალოთ, რადგან საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უპრეცედენტო, შეძლების მაქსიმუმის ზღვარზე მხარდაჭერას უწევს უკრაინას.

ამ ყველაფერზე ჩვენ პასუხი ჯერ არ მიგვიღია და ამაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი. მას ასევე არ აქვს პრობლემა ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ჩასვლაზე უარი განაცხადა და უმაღლესი რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის წერილის საპასუხოდ თქვა, რომ ოფიციალური მიწვევა „არასათანადოდ ჩანს“ საკითხების, მათ შორის, „დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებსა“ და „კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულების“ განუმარტებლობის ფონზე. პარლამენტის თავმჯდომარის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან უკრაინაში თავად წავიდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]