weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

EU-სგან კითხვარს ვერ მივიღებდით, რომ არ ყოფილიყო უკრაინის თავდადებული ბრძოლა – პრეზიდენტი

18:55 ორშაბათი, 11 აპრილი 2022

„დღეს არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ღირშესანიშნავი დღე. ჩვენ დღეს მივიღეთ ევროკავშირისგან ის კითხვარი, რომელსაც ალბათ არ ველოდით რამდენიმე წელი – ესეც კარგად თუ გამოგვივიდოდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის გადმოცემასთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანას არაჩვეულებრივი შანსი გაუჩნდა.

„ამისთვის უნდა ვუმადლოდეთ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას და ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს, მაგრამ კიდევ უფრო, ალბათ, უნდა ვუმადლოდეთ ამას უკრაინას და უკრაინის ბრძოლას.

რომ არ ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ალბათ ეს დღეც არ დადგებოდა, ან ყოველ შემთხვევაში, არ დადგებოდა ასე სწრაფად და როდის მოვიდოდა ეს დღე, ამას ვერავინ იტყოდა.

ევროკავშირმა, გამომდინარე ამ ტრაგიკული მდგომარეობიდან, გადაწყვეტილება მიიღო, რომ დაეჩქარებინა ეს პროცესი და გაეხადა უფრო პოლიტიკური, ვიდრე ბიოროკრატიული. ეს იყო ის, რაც გავიგე, როცა ვიყავი ბრიუსელში და შემდეგ გადავიდა რეალობაში, დღეს ვხედავთ, რომ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს გადაეცა ეს კითხვარი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ეს არ არის კითხვარი, რომელსაც „კი“ და „არა“ პასუხები უნდა გაეცეს.

„ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ დღეს ყველა ვართ პასუხისმგებელი შემდეგი თაობის წინაშე. ჩვენ ან შევძლებთ, რომ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, ან ვერ შევძლებთ. ეს მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული, არავინ სხვაზე. ამიტომ ამისთვის უნდა იყოს მობილიზებული ყველა ძალა. ეს არის ის საკითხი, რომელიც ვერ გადაწყდება რომელიმე ერთი ჯგუფის გადაწყვეტილებებით და ძალისხმევით. თუ რამეს ჰქვია ეროვნული, ეს არის ეროვნული საქმე, ეს არის ეროვნული ინტერესი და

მე არ წარმომიდგენია, რომ ასეთი უდიდესი ეროვნული საქმის მიმართ, რომელზეც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრებიც, პირველი დამოუკიდებლობიდან, არ ვიყოთ ყველანი გაერთიანებული.

ეს იქნება საქართველოს მოსახლეობა, რომელიც არის გაერთიანებული ამ საკითხის მიმართ, თუ მთლიანად პოლიტიკური სპექტრი იმის მიუხედავად, ვინ რა გააკეთა, ვინ მეორეს რას აბრალებს. აქ ჩვენი მომავალია სასწორზე და გადავწყვიტოთ, ამ მოკლე პერიოდში, რაც მოცემულია, როგორ გვინდა, ჩვენ კითხვარს ვუპასუხოთ.

ეს კითხვარი ეხება საქართველოს, როგორ არის დღეს, რა პრობლემები და მიღწევები არსებობს. ეს არის შედეგი რეალურად.

გუშინწინ ვიყავით აქ შეკრებილი, 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტის კიდევ ერთხელ გახსენების დღე იყო, ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი დღეს სახელმწიფოებრიობის კუთხით. ეს 31 წელი იმიტომ იყო, რომ ამ დღემდე მივსულიყავით და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ამ დღეს არ მივუდგეთ სრული, არამხოლოდ სერიოზულობით, მაგრამ სრული ერთსულოვნებით. ვინც ამის ირგვლივ არ არის გაერთიანებული, ის საქართველოს ირგვლივ არ არის გაერთიანებული. მას არ სჯერა საქართველოს მომავლის. ამიტომ მინდა, ყველას მოგიწოდოთ, ქალაქში, თუ სოფელში, მოსახლეობა, პოლიტიკური პარტიები, ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ, ეს არის ეროვნული თანხმობა, ეროვნული ინტერესი ამ მიზნის ირგვლივ და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ეს შეგვიძლია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს, 11 აპრილს, ლუქსემბურგში საქართველოს გადმოეცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. კითხვარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოებისა საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებით და დღეს უკვე გაწევრიანების კითხვარის გადმოცემით, საქართველო გადადის თვისობრივად ახალ, ბევრად ამბიციურ და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ეტაპზე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში.

საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა, თუმცა ამის გაკეთებას 2024 წელს გეგმავდა. პროცესი მას შემდეგ დაჩქარდა, რაც რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინამ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება მოითხოვა და 28 თებერვალს განაცხადი წარადგინა. მას ასოცირებული ტრიოს დანარჩენმა წევრებმა – საქართველომ და მოლდოვამაც მიბაძეს. უკრაინამ კითხვარი 8 აპრილს მიიღო. დოკუმენტი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში გადასცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]