weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

კობახიძემ უკრაინაში უმაღლეს საპარლამენტო დონეზე ვიზიტის 3 წინაპირობა დაასახელა

10:25 სამშაბათი, 12 აპრილი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, რომელთა ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი, უკრაინაში ვიზიტს განახორციელებენ. უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ კობახიძემ თქვა, რომ არსებობს „ზოგადი მზაობა“, უკრაინაში ვიზიტი უმაღლეს საპარლამენტო დონეზეც შედგეს, „თუმცა არის მკაფიო წინაპირობები“.

კობახიძემ სამი წინაპირობა დაასახელა და მათ შორის „ყველაზე პრინციპული საკითხი“ გამოყო:

„გადაიდგა რამდენიმე შეურაცხმყოფელი ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, საუბარია სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელ ნაბიჯებზე და არა მმართველი გუნდის შეურაცხმყოფელ ნაბიჯებზე, ეს ამ შემთხვევაში იქნებოდა მეორეხარისხოვანი. ეს უკავშირდებოდა იგივე ელჩის გაწვევის საკითხს და შემდეგ გათავისუფლების საკითხს. დღემდე, უკრაინა რჩება დემარშის მდგომარეობაში საქართველოს მიმართ, ასე გამოდის. ყოველ შემთხვევაში, რაიმე განსხვავებული ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არ გვინახავს.

მეორე, ჩვენ მოვისმინეთ ბრალდება კონტრაბანდასთან დაკავშირებით, მოვისმინეთ შერბილებული განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ეს არ არის საკმარისი. როცა ასეთი ბრალდება მოდის უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ამას სჭირდება სათანადოდ ან დადასტურება ან უარყოფა, არც ერთი არ მოგვისმენია.

მესამე, ალბათ ყველაზე პრინციპული საკითხი, ჩვენ გვგონია, რომ ყველა ამ პრობლემის სათავე არის ის, რომ დღემდე, ადამიანები რომლებიც არიან საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, არიან უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ დონეზე წარმოდგენილნი.

ესენი არიან სააკაშვილი, რომელიც არის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და არახამია. ეს არის პირი, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს ამ ადამიანებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის.

თქვენ წარმოიდგინეთ, იგივე რომ გვქონდეს ჩვენ, ადამიანები, რომლებიც არიან უკრაინის ხელისუფლების მხრიდან კრიმინალებად აღიარებული, იკავებდნენ თანამდებობებს საქართევლოში, რა თქმა უნდა, უკრაინის ინტერესებში იქნებოდა ამ ვითარების მოგვარება, რომ ორმხრივ მეგობრობას რაიმე დამატებითი პრობლემა არ შეექმნას“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, უკრაინა-საქართველოს შორის არსებული საკითხების გადაწყვეტის შემდეგ, შესაძლებელია, დაიგეგმოს უმაღლესი საპარლამენტო დონის ვიზიტიც.

„როგორც კი დავინახავთ პროგრესს პირველი, მეორე და მესამე მიმართულებით, ბუნებრივია ვიფიქრებთ უმაღლეს საპარლამენტო დონეზე ვიზიტის გაგრძელებაზეც. ჩვენ გვჭირდება რეაგირება, თავდასხმა იყო რეალურად ელჩის გაწვევა და თავდასხმა იყო ცრუ ბრალდება კონტარაბანდასთან დაკავშირებით. თავდასხმაა, როდესაც პატიმარი სააკაშვილი რჩება თანამდებობაზე, ამაზე ჩვენ არ ვაპირებთ რა თქმა უნდა, კონტრშეტევების განხორციელებას. იმისთვის, რომ საფრთხე არ შეექმნას მეგობრობას, საჭიროა პრინციპული ნაბიჯების გადადგმა. რაც შეეხებათ კრიმინალებს, მათი გათავისუფლება ხელისუფლებიდან პირველ რიგში წაადგება უკრაინის ხელისუფლებას. თუ სააკაშვილს აღარ ექნება ეს სტატუსი, თუ ადეიშვილი აღარ მისცემს მათ იმ რჩევებს, რომლითაც საქართველოშიც ხელმძღვანელობდა, თუ ლორთქიფანიძე არ იქნება კონტრდაზვერვითი საქმიანობით, დამიჯერეთ, ეს წაადგება პირველ რიგში უკრაინას და მეგობრობის გაღრმავებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინელ კოლეგას, რუსლან სტეფანჩუკს უარი უთხრა ოფიციალურ მიწვევაზე და უკრაინაში ვიზიტის განხორციელებაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]