weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კითხვარი დაცულია ევროკავშირის და არა ხელისუფლების მხრიდან – თალაკვაძე

18:47 სამშაბათი, 12 აპრილი 2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად გუშინ გადმოცემული კითხვარი ევროკავშირის მიერ არის დაცული. ასე უპასუხა თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართვას, რომ კითხვარი გასაჯაროვდეს და პროცესში ჩართვის საშუალება მათაც მიეცეთ.

„ხელისუფლება, ჩვენი პოლიტიკური გუნდი მთლიანად უზრუნველყოფს საუკეთესო ინფორმაციისა და გამოცდილების კონსოლიდაციას პასუხების მომზადებაში. ჩვენს მოსახელეობას რომ არ შეექმნას შთაბეჭდილება, რომ რამეს უმალავს ხელისუფლება – კითხვარი დაცულია ევროკავშირის მხრიდან და არა ხელისუფლების მხრიდან. არ იფიქროთ, რომ ხელოვნურად არის ეს ინფორმაცია ჩაკეტილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება მზად არის, რომ კითხვარზე ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია შეადგინოს და ევროკავშირს დროულად დაუბრუნოს.

„ეს არის მართლაც ისტორიული ეტაპი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში და ეს ურთიერთობები გადადის თანამშრომლობის ნამდვილად ახალ დონეზე. კითხვარის გადმოცემა მიუთითებს, რომ იხსნება ახალი შესაძლებლობა, ახალი პროცესი საქართველოსთვის.

მე შევახსენებ ჩვენს თანამოქალაქეებს და განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ამბობდა, რომ 2024 წელს ვაპირებდით კანდიდატის სტატუსზე განაცხადის გაკეთებას. არაერთი ადამიანი, რომელიც დღეს მოგვიწოდებს, კითხვები კარგად შევავსოთ, დროულად შევავსოთ, „ჩაგვრთეთ კითხვების პროცესში“ და ა.შ., ცინიკურად გვაკრიტიკებდა და ამბობდა, რომ საქართველოსთვის ჯერ ადრეა, ევროკავშირს საერთოდ არ აქვს ინტერესი, ჩვენი კანდიდატობის სტატუსი განიხილოს, ეს არის არაადეკვატური განაცხადი და ა.შ., დღეს აღმოჩნდა, რომ არათუ 2024 წელს, ჩვენმა ხელისუფლებამ გაცილებით ადრე, 2022 წელს წარადგინა ეს განაცხადი.

რა თქმა უნდა, ვადების დაჩქარება არის მსოფლიო პოლიტიკური პროცესების გამო, ამ მიზეზით მოხდა, თუმცა ჩვენ ეს მიზანი 2020 წელს განვაცხადეთ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არის სრული მზადყოფნა, რომ ამ კითხვარზე კვალიფიციური სამუშაო ჩატარდეს და ის დროულად გადაიგზავნოს.

მეორე – ვინც ამბობს, რომ საჯაროდ გამოქვეყნდესო, ნაწილი ადამიანებისა გულწრფელად ითხოვს ამას. მეორე ნაწილი არის ის, ვინც ამ წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთდება იმისთვის, რომ შეკითხვებზე, რომელიც ამ კითხვარშია – დემოკრატიული განვითარება თუ პოლიტიკური სისტემა, ეკონომიკა თუ სხვა საკითხები – საქართველოს არ ჰქონოდა პასუხები, საქართველოს ჰქონოდა დაზიანებული პასუხები და დაზიანებული რეპუტაცია. ამას ვერ მიაღწიეს და დღეს უკვე შეცვალეს ფირფიტა, ამბობენ, მოდით, კითხვების შევსების პროცესში ჩვენც დავსხდებით თქვენთან ერთადო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, კითხვარი შედგება სამი ბლოკისგან, რომელთაგან პირველი პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება, მეორეა სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკი, ხოლო მესამე – სექტორალური ბლოკი, რომელშიც კითხვები სხვადასხვა მიმართულებაზეა.

11 აპრილს, ლუქსემბურგში საქართველოს გადმოეცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს ანგარიშს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

 

ამ თემაზე:

EU-სგან კითხვარს ვერ მივიღებდით, რომ არ ყოფილიყო უკრაინის თავდადებული ბრძოლა – პრეზიდენტი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]