weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

გენოციდზე ბაიდენის განცხადება არ არის საკმარისი არც ჩემთვის და არც მაკრონისთვის – კობახიძე

17:35 ხუთშაბათი, 14 აპრილი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმისთვის, რომ უკრაინაში რუსეთის ქმედებებს „გენოციდი“ უწოდოს, ჯერ სამართლებრივი შეფასება უნდა გაკეთდეს. კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია ჯერჯერობით არც საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს.

„იყო, მაგალითად, მაკრონის კრიტიკული განცხადება ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ჯერჯერობით ამაზე არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ვიყავით საჩივრის თანაავტორი ჰააგაში. რა თქმა უნდა, დაველოდებით შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და როცა იქნება სამართლებრივი შეფასებები, ამის შემდეგ შეიძლება, გაკეთდეს ჩვენი მხრიდან პოლიტიკური შეფასება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვას, საკმარისია თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გზავნილი, კობახიძემ უპასუხა:

„რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი არც ჩემთვის და არც მაკრონისთვის. საჭიროა სამართლებრივი შეფასება, რათა შემდეგ გაკეთდეს ჩვენი მხრიდან პოლიტიკური შეფასება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გუშინ პირველად უწოდა გენოციდი.

„დიახ, მე ამას ვუწოდე გენოციდი, რადგან სულ უფრო და უფრო ნათელი გახდა, რომ პუტინი უკრაინელობის იდეის განადგურებასაც კი ცდილობს. მტკიცებულებები მატულობს“, – განაცხადა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო დონეზე, იურისტებს საშუალება ექნებათ, შეაფასონ, კვალიფიცირდება თუ არა რუსეთის ქმედებები გენოციდად, თუმცა მას ნამდვილად ჰგონია, რომ ეს ასეა.

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს გუშინვე სთხოვეს ბაიდენის ამ განცხადებაზე კომენტარის გაკეთება. მან თქვა, რომ აშკარაა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ომის დანაშაულების ჩადენა, თუმცა ტერმინებთან დაკავშირებით სიფრთხილეს გამოიჩენს.

„გენოციდს აქვს მნიშვნელობა. უკრაინელი ხალხი და რუსი ხალხი მოძმე ხალხია. სიგიჟეა რაც დღეს ხდება. ეს დაუჯერებელი სისასტიკე და ევროპაში ომის დაბრუნებაა, მაგრამ ამავე დროს, მე ვუყურებ ფაქტებს და მინდა გავაგრძელო, მაქსიმალურად ვეცადო, რომ შევძლო ომის შეჩერება და მშვიდობის აღდგენა. არ ვარ დარწმუნებული, რომ სიტყვების ესკალაცია ჩვენს საქმეს ემსახურება“, – განაცხადა მაკრონმა.

ჯო ბაიდენს გამოეხმაურა კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, რომელიც მიიჩნევს, რომ „აბსოლუტურად სწორია, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს და იყენებს სიტყვა გენოციდს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]