weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარს, შალვა კერესელიძეს მთის საბჭოს წევრობა შეუწყვიტეს

19:20 ხუთშაბათი, 14 აპრილი 2022

საქართველოს პარლამენტში მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი, ექსპრემიერ გიორგი გახარიას თანაპარტიელი შალვა კერესელიძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტიილებით, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს წევრის სტატუსი შეუწყვიტეს.

„რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული „მთის საბჭოდან“ და 19 აპრილს მიმიწვიეს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ჩანიშნულ „მთის საბჭოს“ სხდომაზე, როგორც საბჭოს წევრი. რა თქმა უნდა, დასწრებასთან დაკავშირებით დასტური განვაცხადე და გამიხარდა, საბჭომ შეკრება რომ გადაწყვიტა, ვინაიდან ძალიან ბევრი პრობლემური საკითხი და ინიციატივა მქონდა, რის დასმას და ინიცირებასაც ვფიქრობდი.

თუმცა, დღეს ისევ დამიკავშირდნენ და სიურპრიზად მახარეს, რომ 19 აპრილს ჩანიშნულ სხდომაზე აღარ მივიდე, რადგან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მე, შალვა კერესელიძეს, მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარ დეპუტატს, როგორც პარტია „საქართველოსთვის“ და გიორგი გახარიას გუნდის წევრს, შემიწყვიტეს „მთის საბჭოს“ წევრის სტატუსი“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ რეგიონში, რომელსაც ის წარმოადგენს, სოფლებისა და ხეობების უმრავლესობას „მაღალმთიანის“ სტატუსი აქვს მინიჭებული.

შალვა კერესელიძის ინფორმაციით, ანალოგიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული მისი ორი თანაგუნდელის მიმართაც. აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი ალექსანდრე მოწერელია და გორი-კასპის მაჟორიტარი გიორგი ხოჯევანიშვილიც „მთის საბჭოს“ წევრები იყვნენ.

„მართლაც საოცრად „ბრძნული“ და „გონივრული“ გადაწყვეტილებაა და უდავოდ სახელმწიფოებრივად „სწორიც“.

იქნებ სამაგიეროა, დღეს ხომ ზუსტად ერთი წელი შესრულდა, რაც „ქართული ოცნება“ დავტოვეთ გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა. სასაცილოა მთავრობისა და ხელისუფლების ასეთი ქმედებები. ევროკავშირში შესვლა გვინდაო, ლამაზი სიტყვებით ეუბნება ხელისუფლება ხალხს, საქმით კი, საპირისპიროს აკეთებს.

სადაც მსჯელობა, სწორი გაგებით კამათი და კონსენსუსია საჭირო სპობენ შესაძლებლობას და კეტავენ კარს. მით უმეტეს, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რასაც მთა და მთის განვითარება ჰქვია“, – აცხადებს შალვა კერესელიძე.

მთის განვითარების ეროვნული საბჭო 2015 წლს შეიქმნა და მას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ის კოლეგიური სათათბირო ორგანოა და მისი მიზანი მაღალმთიანი დასახლებების განვითარებისთვის მუშაობაა. 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საბჭო 54 წევრს აერთიანებდა, მათ შორის, იყვნენ შალვა კერესელიძე, ალექსანდრე მოწერელია და გიორგი ხოჯევანიშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]