weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრეზიდენტი სკოლაში მეგრულისა და სვანურის სწავლების ინიციატივით კვლავ გამოვიდა

23:41 ხუთშაბათი, 14 აპრილი 2022

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სკოლებში მეგრულისა და სვანური ენების არჩევით საგნად სწავლების ინიციატივით კვლავ გამოვიდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში, დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, რუსული საოკუპაციო რეჟიმის შედეგად აფხაზეთში აფხაზური ენა იზღუდება და წლიდან წლამდე მცირდება აფხაზურ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი, გალსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ქართველებს კი ეკრძალებათ ქართულ ენაზე სასკოლო განათლების მიღება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ქართული და აფხაზური ენის დაცვასთან ერთად, რაც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა, მათი გადარჩენისთვის ზრუნვა.

„ეს ენები განუყოფელი ნაწილია ჩვენი კულტურის და წარმოადგენენ უნიკალურ სიმდიდრეს. ამას შევძლებთ, თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ, პირველ რიგში, მეგრულისა და სვანურისთვის.

დედაენის დღეს საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო, რომ სწორედ რუსიფიკაციის ორასწლოვანი პოლიტიკის შედეგია, რომ კავკასიურ ოჯახის ენათა აბსოლუტური უმრავლესობა დღეს გაქრობის საფრთხის წინაშეა. ეს, როცა კავკასია თავისი ენობრივი მრავალფეროვნებით ანტიკური დროიდან აკვირვებდა მსოფლიოს და არაბები მას ეძახდნენ ენათა მთას. ეს სიმდიდრეც ჩვენი დასაცავია და ამისთვის მივმართეთ იუნესკოს, რათა კავკასიური ენების დაცვის დღე გამოაცხადოს.

45 წლის წინ საბჭოთა წნეხის ქვეშ ქართველმა საზოგადოებამ შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ენა. დღეს უსასტიკეს პირობებში უკრაინა იბრძვის საკუთარი მიწის და სახელმწიფოს გადასარჩენად, იბრძვის საკუთარი ენისთვის. ჩვენ მათ გვერდით ვდგევართ და ვიცით, რომ ასეთი შემართებით შეუძლებელსაც შეძლებენ. ამ დღეს ვუძღვნით მათ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მეგრული და სვანური ენების სკოლაში სწავლების ინიციატივა შარშანაც გააჟღერა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]