ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში წულუკიანს ჰკითხეს, რა როლი ჰქონდა წინა ხელისუფლებას განაცხადის წარდგენაში. გადაცემის წამყვანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ, რომ „განაცხადის გაკეთება მათი დამსახურებაა, რომ მათი ზეწოლის შედეგად ხელისუფლება იძულებული გახდა განაცხადი გაეკეთებინა და წლების წინ მიხეილ სააკაშვილის მიერ კატარებული რეფორმების შედეგია ის, რომ დღეს საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად იღწვის“.
„მიხეილ სააკაშვილს რომ ჰქონდეს პოზიტიური როლი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში, ის დღეს იმ გალიაში არ იჯდებოდა, რომელშიც გახლავთ, რადგან მან რეალურად ვერ შეძლო ამ ქვეყანაში დემოკრატიულად ქვეყნის მართვა და გადავიდა იმ ქმედებებზე, რომელიც სისხლის სამართლის წესით არის აკრძალული და რომლისთვისაც ის დღეს საპატიმროში ბრძანდება. მან შეძლო მხოლოდ „ვარდების რევოლუცია“, ისიც ბევრი ფაქტორის და ადამიანის დახმარებითა და ხელშეწყობით. ხავერდოვანი იყო იმიტომ, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ ასე ჩათვალა საჭიროდ და დაინდო საკუთარი ხალხი.
ის რამდენიმე რეფორმა, რომელიც სააკაშვილმა გაატარა ვერ იქნა ბოლომდე მიყვანილი, რადგან ძალიან მალე გადაუხვია რეფორმებისა და დემოკრატიულობის გზას. ამიტომ ნებისმიერ ზეწოლაზე, რომ ეს თურმე მათი დამსახურებაა, საუბარი, რასაკვირველია, არასერიოზულია.
ესეც არ არის მთავარი. მთავარია ის, რომ ჩვეი ხალხი ყველაფერს ხედავს, ყველას მეხსიერება აქვს იმისა, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები და ისიც იცის, რომ ვითომ სახელმწიფოს დამფუძნებელი და აღმაშენებელი ტყუილად არ იმყოფება იქ, სადაც უნდა მოიხადოს სასჯელი“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, საქართველოს ევროპული გზა არ არის რომელიმე მთავრობის მიერ არჩეული, არამედ ეს ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ გზას ვერცერთი მთავრობა ვერ გადაუხვევს.
„ჩვენ ამ გზაზე მყარად ვდგავართ სწორედ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის არჩევანის შესაბამისად. ჩვენ, ამ ხელისუფლებამ, ფაქტებითა და შედეგებით ვაჩვენეთ, რომ შედეგის მიღწევა შეგვიძლია.
ალბათ არავის წარმოუდგენია, რომ როდესაც პრეზიდენტი დაუკვეთავს დეპუტატის ცემას, როგორც სააკაშვილმა დაუკვეთა გელაშვილის ცემა, როდესაც პრეზიდენტი პროტესტის გამოხატვის გამო ხალხს დაასისხლიანებს, ასეთ ხელისუფლებას შეუძლია ევროპულ გზაზე რაიმე წარმატების მიღწევა.
ამის საპირისპიროდ, ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და მაშნაც ირაკლი ღარიბაშილი იყო პრემიერ-მინისტრი და ხელმომწერი, გავატარეთ უამრავი რეფორმა, მათ შორის, რამდენიმე ძალიან მტკივნეული და უვიზო რეჟიმი მივიღეთ, 2024 წელს ვაპირებდით განაცხადის შეტანას და ეს ჩვენი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იყო ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევნაის შესაბმისად. ის ფანჯარა, რომელიც ახლა გაჩნდა, თქვენ ნახეთ, რომ გამოვიყენეთ სწორედ ამ არჩევანის რეალიზაციისთვის. ასე გაგრძელდება ეს მანამ, ვიდრე ახალი არჩევნების შედეგად, როცა ეს დრო დადგება, არ შეიცვლება ხელისუფლება“, – განაცხადა წულუკიანმა.
საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა, თუმცა ამის გაკეთებას 2024 წელს გეგმავდა. მას შემდეგ, რაც რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინამ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება მოითხოვა და 28 თებერვალს განაცხადი წარადგინა, მას ასოცირებული ტრიოს დანარჩენმა წევრებმა – საქართველომ და მოლდოვამაც მიბაძეს. 11 აპრილს, საქართველოს გადმოეცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.