„ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, 13 ათასამდე დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს მომდევნო 3-4 წელიწადში. მათგან ნაწილს დაუკანონდება. ნაწილს – დაახლოებით 6 ათას დევნილს გადაეცემა სახლები „სოფლად სახლის“ ფარგლებში და 7 ათასი დევნილი ოჯახისთვის აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების კორპუსები. მათ გადაეცემათ თანამედროვე სტანდარტების ბინები სრული რემონტით, რაც ჩვენი ვალდებულებაა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, წელს ქუთაისში დასრულდება 700 ბინის მშენებლობა, რომლებცი დევნილ ოჯახებს შემოდგომაზე გადაეცემათ.
„გაზაფხულზე, ახლა დაიწყება ახალი კორპუსების მშენებლობა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბორჯომში. ეს არის მასშტაბური პროექტი, რომელიც მაქსიმუმ 3-4 წელიწადში უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ამ საკითხზე განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, 500 000 კვ.მ. ფართობის 7 ათასი ახალი ბინის მშენებლობაზე ტენდერი მომავალ კვირაში გამოცხადდება. აზარაშვილის განცხადებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 700 მილიონი ლარია.