weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სანქცირებული რუსი ოლიგარქის წარმომადგენელს ივანიშვილი და ღარიბაშვილი შეხვდნენ – ფარული ჩანაწერი

21:48 ორშაბათი, 25 აპრილი 2022
ბიძინა ივანიშვილი და ვლადიმერ ევტუშენკოვი ბიძინა ივანიშვილი და ვლადიმერ ევტუშენკოვი

25 აპრილს, YouTube-არხმა Cyber Kmara გაავრცელა რუს მილიარდერ ვლადიმერ ევტუშენკოვსა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ასევე მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს შორის „სატელეფონო საუბრების“ ჩანაწერი, რომლის ნამდვილობა დადასტურებული არ არის. აუდიოჩანაწერის მიხედვით, რუსმა ოლიგარქმა თბილისში საკუთარი წარმომადგენელი - ალი უზდენოვი გამოგზავნა, რომელიც ივანიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეახვედრა.

ფარული ჩანაწერის გამავრცელებლის ცნობით, ოლიგარქებს შორის სატელეფონო საუბრები მარტში შედგა, ანუ იმ დროს, როდესაც რუსეთი უკვე აწარმოებდა სრულმასშტაბიან ომს უკრაინის ტერიტორიაზე, ევტუშენკოვს კი სანქციები ემუქრებოდა.

გავრცელებული მასალის მიხედვით, ევტუშენკოვსა და ივანიშვილს შორის პირველი სატელეფონო საუბარი 10 მარტს იყო:

„ივანიშვილი: ვალოდია, გამარჯობა!

ევტუშენკოვი: ბორენკა, გამარჯობა, ძვირფასო!

ივანიშვილი: მიხარია შენი ხმის გაგონება.

ევტუშენკოვი: ბორია... კი, კი... მეც ძალიან მიხარია.

ივანიშვილი: სიტუცია ძალიან სასიხარულო არ არის, მაგრამ უნდა გავუძლოთ, რას იზამ.

ევტუშენკოვი: სხვა რა გზაა. ცხოვრებამ იმდენი გვცემა, რომ გამძლეობას მიგვაჩვიეს. ბორია, არის იდეა, რომელიც მინდოდა... დავითი ჩამოიტანს. ნუ, შენ ნახე ალი...

ივანიშვილი: კი, კი, კი!

ევტუშენკოვი: უზდენოვი... მარცვლეულთან დაკავშირებით. ეს შენთვისაც საინტერესოა და სხვებისთვისაც, მაგრამ თუ შენ ამ საქმეში ჩაერთვები, წავალ ამ საქმეზე.

ივანიშვილი: ოქეი. დავითთან? დარეკავს?

ევტუშენკოვი: არა, ალი ჩემს წინ ზის. უბრალოდ, ის და დავითი ჩამოვლენ იქ...

ივანიშვილი: ოქეი, კარგი. აქ დავხვდები.

ევტუშენკოვი: მაშინ, შეხვდი, განიხილე. თუ ამაში ჩაერთვები, მაშინ ჩვენ... რას გავაკეთებთ.

ივანიშვილი: კარგი, ვალოდია.

ევტუშენკოვი: კარგი ბორენკა. გეხვევი, ძვირფასო.

ივანიშვილი: გეხვევი, კარგად!

გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ევტუშენკოვმა ბიძინა ივანიშვილს მეორედ 13 მარტს დაურეკა და ალი უზდენოვთან პირადად შეხვედრა სთხოვა. სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილი პასუხობს, რომ ალი პრემიერ-მინისტრთან გაგზავნა. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ევტუშენკოვის დაჟინებული თხოვნის შემდეგ, ივანიშვილი თანხმდება უზდენოვთან შეხვედრაზე.

„ივანიშვილი: ვალოდია, გამარჯობა.

ევტუშენკოვი: გამარჯობა, ბორენკა, ძვირფასო.

ივანიშვილი: გამარჯობა, ძვირფასო, გამარჯობა.

ევტუშენკოვი: ბორენკა, მითხარი, გეთაყვა, ჩემი ბიჭი, ალი ჩამოვიდა. შენ მას იცნობ.

ივანიშვილი: დიახ.

ევტუშენკოვი: და მაინც შეგიძლია, რომ შეხვდე?

ივანიშვილი: პრინციპში, მე ისინი მაშინვე პრემიერთან გავუშვი. ის ახალგაზრდაა, ყველაფერს თავად მოაგვარებს. მე მას მივეცი, პრინციპში, რაც უნდა გაკეთდეს და ისინი ახლა, ალბათ უკვე ხვდებიან პრემიერს.

ევტუშენკოვი: ხვდებიან. შენ ის მითხარი, თავად შეხვდები თუ არა?

ივანიშვილი: თუ საჭირო არ არის, მე პრინციპში, ქალაქგარეთ ვარ და ცოტა მოუხერხებელია, მაგრამ თუ აუცილებლად საჭიროა, მაშინ არ არის პრობლემა.

ევტუშენკოვი: ბორია, გთხოვ, რადგან ის შენ გეტყვის, რა მინდა მე.

ივანიშვილი: ოქეი. აქ რამდენი ხანი დარჩება? ხვალ შეიძლება თუ დღეს არის საჭირო?

ევტუშენკოვი: ხვალ, შეიძლება, ხვალ. როცა შესაძლებელი იქნება, ხვალ, დაგირეკავს და მოვა. უბრალოდ იმას გეტყვის, რაც მე მინდა.

ივანიშვილი: კარგი.

ევტუშენკოვი: კარგი ბორენკა, გეხვევი, ძვირფასო.

ივანიშვილი: გეხვევი.

ბიზნესმენი და ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი ფლობს სააქციო საფინანსო კორპორაცია „სისტემას“, რომელსაც ინტერესები გააჩნია რუსეთის ენერგეტიკის, კომუნიკაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების სექტორებში. რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციის ინფორმაციით (გამოქვეყნებულია 16 მარტს), ევტუშენკოვის სააქციო საზოგადოება „რადიოტექნიკური და საინფორმაციო სისტემები“ ამარაგებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვორონეჟის სტაციონარულ სარადარო სადგურებს, რომლებიც შექმნილია ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების და სხვა აეროდინამიკური ობიექტების აღმოსაჩენად და მხარდასაჭერად. 2021 წელს კომპანია „კონდშადტმა“, რომელიც „სისტემის“ ნაწილია, სამხედრო დრონების მასობრივი წარმოება დაიწყო. ასევე, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ სწორედ „სისტემის“ დახმარებით, რუსეთის საზღვრებთან განათავსა სარადარო სადგურების მთელი სისტემა „კონტეინერი“, რომელსაც შორ მანძილზე საჰაერო სამიზნეების აღმოჩენა შეუძლია.

ევტუშენკოვი 2016 წლის 26 ოქტომბერს, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ქალაქ იალტაში გამართულ ფორუმშიც მონაწილეობდა, სადაც ვლადიმერ პუტინისგან მიიღო დავალება, სევასტოპოლსა და ყირიმის რესპუბლიკაში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრები აეშენებინა.

2021 წელს ვლადიმერ ევტუშენკოვს Forbes-ის 200 უმდიდრესი ბიზნესმენის რეიტინგში, 3.4 მილიარდი დოლარის ქონებით, 41 ადგილი ეკავა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ევტუშენკოვი 13 აპრილს სანქცირებულთა სიაში შეიყვანა, რის შემდეგაც მან „სისტემას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და კორპორაციაში თავისი წილიც შეამცირა. BBC-ის რუსული რედაქციის ინფორმაციით, ევტუშენკოვმა აქციების 10% შვილს, ფელიქს ევტუშენკოვს გადასცა. ამ გარიგების შედეგად, ვლადიმერ ევტუშენკოვის წილი 49.2%-მდე შემცირდა.

„სისტემას“ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, ალი უზდენოვი კორპორაციის მმართველი პარტნიორია.

ამ დროისთვის, არც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და არც ბიძინა ივანიშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერს არ გამოხმაურებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]