weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხიდაშელი ამბობს, რომ უზდენოვთან ერთად ბიზნესს შეხვდა, პრემიერსა და ივანიშვილს – არა

15:39 სამშაბათი, 26 აპრილი 2022

სანქცირებული რუსი მილიარდერის, ვლადიმერ ევტუშენკოვის მეგობარი, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი აცხადებს, რომ რუსეთიდან საქართველოში ხორბლის შემოტანაზე მუშაობს და ამ საკითხზე, ალი უზდენოვთან ერთად, ბიზნესმენებსაც შეხვდა. გუშინ გავრცელებული ფარული ჩანაწერის მიხედვით, უზდენოვი ევტუშენკოვმა საქართველოში მარტში მიავლინა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის მიზნით.

„ვლადიმერ ევტუშენკოვი 30 წელია ჩემი მეგობარია, მისი ოჯახის წევრები მუშაობდნენ ჩემს კომპანიებში შვეიცარიაში“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა.

ხიდაშელი უარყოფს, რომ უზდენოვი ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. მისი თქმით, უზდენოვი ბიზნესმენია და არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან.

„საქართველოში ღვინის კონსორციუმის შექმნა დავიწყე და გეგმაში მაქვს ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა. გარდა ამისა, ვამუშავებ შესაძლებლობას, რომ რუსეთში ღვინის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით მოხდეს ხორბლის შემოტანა რუსეთიდან, ვინაიდან საქართველოში არის ხორბლის საჭიროება. ალი უზდენოვთან ერთად სწორედ ამასთან დაკავშირებით გავმართე შეხვედრები საქართველოში ბიზნეს სექტორთან, მეხორბლეებთან.

ბიძინა ივანიშვილთან არანაირი შეხვედრა არ გამართულა. რაც შეეხება პრემიერთან შეხვედრას, ასეთი შეხვედრა არ შემდგარა“, – აცხადებს დავით ხიდაშელი.

მისივე თქმით, კომუნიკაცია ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, თუმცა მან ის და უზდენოვი ბიზნეს სექტორთან გადაამისამართა. დავით ხიდაშელი ამბობს, რომ ბიზნესმენებთან შეხვედრები რაიმე კონკრეტული შეთანხმებით და შედეგით არ დასრულებულა.

თავად ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ამ საკითხს არ გამოხმაურებიან.

25 აპრილს, YouTube-არხმა Cyber Kmara გაავრცელა რუს მილიარდერ ვლადიმერ ევტუშენკოვსა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ასევე მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს შორის „სატელეფონო საუბრების“ ჩანაწერი, რომლის ნამდვილობა დადასტურებული არ არის. აუდიოჩანაწერის მიხედვით, რუსმა ოლიგარქმა თბილისში საკუთარი წარმომადგენელი - ალი უზდენოვი გამოგზავნა, რომელიც ივანიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეახვედრა.

ფარული ჩანაწერის გამავრცელებლის ცნობით, ოლიგარქებს შორის სატელეფონო საუბრები მარტში შედგა, ანუ იმ დროს, როდესაც რუსეთი უკვე აწარმოებდა სრულმასშტაბიან ომს უკრაინის ტერიტორიაზე, ევტუშენკოვს კი სანქციები ემუქრებოდა.

პირველ „სატელეფონო საუბარში“, რომელიც 10 მარტით თარიღდება, სავარაუდოდ ევტუშენკოვი ივანიშვილს ეუბნება, რომ აქვს იდეა, რომელსაც „დავითი ჩამოიტანს“. სავარაუდოდ, რუსი ოლიგარქი ამავე კონტქსტში ახსენებს ალი უზდენოვსაც და ამბობს, რომ ის საქართველოში მარცვლეულის საკითხთან დაკავშირებით უნდა ჩამოსულიყო: „ეს შენთვისაც საინტერესოა და სხვებისთვისაც, მაგრამ თუ შენ ამ საქმეში ჩაერთვები, წავალ ამ საქმეზე“.

მეორე „საუბარი“ სავარაუდოდ 13 მარტს შედგა, სადაც, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს დაჟინებით სთხოვს ალი უზდენოვს პირადად შეხვდეს. სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი მას პასუხობს, რომ „ისინი“ მაშინვე პრემიერთან გაუშვა.

„ის ახალგაზრდაა, ყველაფერს თავად მოაგვარებს. მე მას მივეცი, პრინციპში, რაც უნდა გაკეთდეს და ისინი ახლა, ალბათ უკვე ხვდებიან პრემიერს“, – ისმის ჩანაწერში სავარაუდოდ ივანიშვილის ხმა.

„ხვდებიან. შენ ის მითხარი, თავად შეხვდები თუ არა? ... ბორია, გთხოვ, რადგან ის შენ გეტყვის, რა მინდა“, – ამბობს „ევტუშენკოვი“.

ფარული ჩანაწერის მიხედვით, ევტუშენკოვის დაჟინებული თხოვნის შემდეგ, ივანიშვილი უზდენოვთან შეხვედრაზე თანხმდება.

ალი უზდენოვი ევტუშენკოვის კუთვნილი უმსხვილესი კორპორაცია „სისტემას“ მმართველი პარტნიორია. ამავე კორპორაციაში წლების განმავლობაში მუშაობდა დავით ხიდაშელიც.

 

ამ თემაზე:

104 ათასი ჰექტარი ტყე რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში, 49 წლით, სანქცირებული რუსი ოლიგარქის პარტნიორს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]