weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ანორექსია, კუნთების განლევა და სისუსტე – ექსპერტთა ჯგუფი სააკაშვილის მდგომარეობაზე

19:07 ოთხშაბათი, 27 აპრილი 2022

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა მოამზადა.

ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ და თერაპევტმა გრიგოლ ხურციძემ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში 22 აპრილს მოინახულეს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ვიზიტის შემდეგ დისკუსია გამართა, რომელშიც სხვა ექსპერტებიც მონაწილეობდნენ, კერძოდ: გიორგი გრიგოლია (ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი), გიორგი კაჭარავა (კარდიოლოგი), გიორგი პაპიაშვილი (კარდიოლოგ/არითმიოლოგი), აიდა გოზალოვა (ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი) და ნინო ზავრაშვილი (ენდოკრინოლოგი).

ექსპერტთა ჯგუფი აცხადებს, რომ ბოლო ვიზიტთან შედარებით, რომელიც 11 იანვარს შედგა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა გაუარესებული.

„პაციენტი ამჟამად არის უარყოფით კატაბოლურ მდგომარეობაში (ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს - ერთგვარი თვითმონელება). კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მიხეილ სააკაშვილს ფორმალურად შიმშილობა არ აქვს გამოცხადებული, წინა შიმშილობისგან განსხვავებით, მიმდინარეობს წონის კლება კუნთოვანი მასის (ცილის) კლების ხარჯზე. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ცილოვანი შიმშილი (მიზეზი - ანორექსია).

იანვრის ვიზიტის შემდეგ, სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს მანკიერი წრის ჩამოყალიბება:

  • რეზისტენტული პოსტ-ტრავმული სტრესული დაავადება, დეპრესია და ანორექსია;
  • საკვების მიღების შემცირება (იღებს დღე-ღამეში საჭირო კალორიებზე გაცილებით ნაკლებს, დღიური დოზის 1/4-1/3-მდე, 8 კგ. წონის კარგვით 1 თვეში) და შერჩევითად ცილოვან პროდუქტებზე უარის თქმა - აუტანლობის მიზეზით;
  • ცილოვანი შიმშილის ფონზე განვითარებული გამოხატული და მნიშვნელოვანი კუნთების განლევა და სისუსტე;
  • ცხოვრების ხარისხისა და ფუნქციონერების ეფექტურობის მნიშვნელოვანი დაქვეითება.

აღნიშნული სინდრომის მანკიერი წრიდან გამოსასვლელად ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოგადად, საკვების მიღების ასეთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა და კერძოდ, ცილოვანი შიმშილი გარდაუვლად გამოიწვევს კუნთოვანი და ორგანული წონის მნიშვნელოვან კარგვას, ინფექციების მაღალ რისკსა და შინაგან ორგანოთა სისტემების მოქმედების მოშლას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში.

ისინი აღნიშნავენ, რომ არ არის შესრულებული მათ მიერ დეკემბერ-იანვარში გაცემული რეკომენდაციები ფსიქოთერაპიისა და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით. ექსპერტთა ჯგუფის წევრები განმარტავენ, რომ მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობის გაგრძელება, ანალოგიურ პირობებში, დასახელებული რეკომენდაციების შეუსრულებლად, იქნება არაეფექტიანი, მომავალში კვლავ ვერ გამოიღებს დადებით შედეგებს და გამოიწვევს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მკვეთრად დამძიმებას, რამაც, შესაძლოა, „შეუქცევადი შედეგები“ გამოიწვიოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]