weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

სახელმწიფომ „ბორჯომი“ უნდა გამოისყიდოს და მოქალაქეებზე გაასხვისოს – ხაზარაძე

18:58 პარასკევი, 29 აპრილი 2022

პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“, რომელმაც ქარხნების მუშაობა დროებით შეაჩერა, ამჟამინდელი მფლობელისგან, რუსული „ალფა ჯგუფისგან“ სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს, შემდგომში კი საქართველოს მოქალაქეებზე გაასხვისოს.

მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ „ალფა ჯგუფს“ კომპანია „ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა და ტვ „იმედის“ დღევანდელმა მმართველმა 2013 წელს მიჰყიდა.

„საფრთხის წინაშეა ბორჯომის ბრენდი, მისი მომავალი, ექსპორტი, ათასობით სამუშაო ადგილი, შემოსავლები ბიუჯეტში. მიზეზი - კომპანიის სტრუქტურაში დასანქცირებული რუსული „ალფა ჯგუფის“ აქციონერობაა.

გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან: სახელმწიფომ უნდა გამოისყოდოს „ალფა ჯგუფისგან“ „ბორჯომის“ კომპანიის აქციები, შემდგომში კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე“, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

მისივე თქმით, მხოლოდ ასეთი ნაბიჯებით არის შესაძლებელი შექმნილი კრიზისის გადალახვა და ამავე დროს, კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებაში „დიდი სტიმულის“ შემოტანა.

დღეიდან, 29 აპრილიდან, ბორჯომში, მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელმა ორივე ქარხანამ მუშაობა დროიებით შეაჩერა. როგორც კომპანია IDS Borjomi Georgia-ში განაცხადეს, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა. IDS Borjomi Georgia-ს ცნობით, საქართველოში 1000-მდე ადამიანს ასაქმებდნენ.

IDS Borjomi Georgia საერთაშორისო კომპანიის IDS Borjomi International-ის ნაწილია, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური და საინვესტიციო კონსორციუმის, Alfa Group-ის შემადგენლობაშია. Alfa Group-ის დამფუძნებელი მილიარდერი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანია, რომლის წინააღმდეგაც დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა სანქციები დააწესეს. ფრიდმანი რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო ბანკის Alfa Bank-ის წილების 32.9%-ს ფლობს. აპრილის დასაწყისში, Alfa-Bank-ი ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებს დაექვემდებარა, რაც ბანკის აქტივების გაყინვას, აშშ-ის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის ამ ბანკთან საქმიანი ურთიერთობის აკრძალვას, ასევე დოლარის ანგარიშების დაბლოკვას და დოლარის სისტემიდან იზოლაციას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]