weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

საქართველო ევროკომისიას შევსებული კითხვარის პირველ ნაწილს 2 მაისს გადასცემს

19:58 პარასკევი, 29 აპრილი 2022

საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც 11 აპრილს მიიღო, ევროკომისიას შევსებულს 2 მაისს დაუბრუნებს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც აღნიშნული საკითხი განიხილეს.

„15 აპრილს, როდესაც ჩვენ წინა კომისიის ფარგლებში გვქონდა შეხვედრა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან განისაზღვრა კონკრეტული შიდა თარიღები, რომლის ფარგლებშიც უნდა მომზადებულიყო აღნიშნული კითხვარის პირველი ნაწილი, რომელიც გადმოგვეცა. მინდა გაცნობოთ, რომ დღეს ჩვენ კომისიის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად განვიხილეთ აღნიშნული საკითხი. კითხვარის პირველი ნაწილი მომზადდა ყველა სახელმწიფო უწყების მხრიდან ძალიან აქტიური ჩართულობით, უზარმაზარი სამუშაო გაიწია და საქართველოს მთავრობა ორშაბათს კომისიას გადასცემს კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც გადმოგვეცა დასამუშავებლად“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმირების პროცესი გაიარა ქვეყანამ, საქართველო კარგად არის მომზადებული ამ კითხვარისთვის.

„ყველა სახელმწიფო უწყება, ყველა საქვეუწყებო დაწესებულება აქტიურად იყო ჩართული და ჩვენი მოლოდინები არის ოპტიმისტური.

რაც შეეხება საჯაროობას, საჯაროობასთან დაკავშირებით ჩვენ ამის ვალდებულება არ გვქონდა, თუმცა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თავად კითხვარის ნაწილი გავასაჯაროეთ. რაც შეეხება პასუხებს, აქ არის პასუხები, რომლის გასაჯაროება სასურველი და მიზანშეწონილი არ არის, ამიტომ საჯაროობის ნაწილში მხოლოდ კითხვარით შემოვიფარგლებით“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ დღეს ევროკომისიის კითხვარის მეორე და ბოლო ნაწილი გაასაჯაროვა, რომელიც 33 თავს და 2300-მდე კითხვას მოიცავს. კითხვები დარგობრივ თემებს და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას ეხება. კითხვარის მეორე ნაწილი ევროკომისიას 13 მაისამდე უნდა წარედგინოს. 

კითხვარის შევსება ევროკავშირის პროცედურით გათვალისწინებული ნაბიჯია, რაც მოიაზრებს ქვეყნის მზაობის შეფასებას სხვადასხვა, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კანონმდებლობის თავსებადობის მიმართულებით. საქართველოს პასუხების საფუძველზე ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს ქვეყნისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]