weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციებს აანონსებს

19:59 ორშაბათი, 02 მაისი 2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ძმებმა ბრიფინგი გამართეს. დღეს, 18:00 საათზე გავიდა ოჯახის მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა იმისთვის, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე გადაწყვეტილება მიეღო.

დავით და გიორგი სააკაშვილებმა გეგმებზე ისაუბრეს და უწყვეტი აქციები დაანონსეს.

„ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ხვალიდან ჩვენ აქტიურად დავიწყებთ საუბარს ყველასთან: პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ ექიმებთან, კიდევ ერთხელ; უნდა ვისაუბროთ საპატრიარქოსთან - გვაქვს სიგნალები, რომ შეიძლება პატივი დაგვდოს უწმინდესმა და შეგვხვდეს, გამონახოს დრო, რათა ავუსხნათ ჩვენი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა. იქნებ მისმა ავტორიტეტმა მოახდინოს რამე გავლენა; გავაგრძელებთ შეხვედრებს არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან.

უფრო მეტიც, ჩვენ ვაანონსებთ უწყვეტ აქციებს, რომელსაც ამ შეხვედრების შემდეგ დავიწყებთ ძალიან აქტიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ჩვენ მოვივლით ყველა რეგიონს, დავიწყებთ აჭარიდან, მოვყვებით სამეგრელოს, გაყვყვებით ყველა მხარეს და შევხდებით ხალხს. ვფიქრობ, თუ საჭიროა, მოვიწვევთ მასშტაბურ აქციასაც“, – განაცხადა დავით სააკაშვილმა.

სააკაშვილის ოჯახი ხელისუფლებას სთავაზობს, რომ თუ ქართველი ექიმების დასკვნებს არ ენდობა, სასწრაფოდ მოიწვიოს საერთაშორისო კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც კიდევ ერთხელ შეამოწმებენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

„სიტუაცია საკმაოდ მძიმეა, არის ზეკრიტიკული, ვინაიდან ჩემი ძმა დღეს უკვე სასამართლო პროცესზეც ვერ იმყოფებოდა. საკვების მიღება უჭირს და იღებს მხოლოდ წყალს. დღეს „ქართული ოცნების“ მესვეურებისგან ვისმენთ, რომ ისეთი არაფერი ხდება, ის ჩვეულებრივი პატიმარია, მიიღოს არაჟანი და რძე.

ბატონო კობახიძის მხრიდან მიდის ქილიკი, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ოჯახისთვის. ვერ ავიტანთ დაცინვას, რადგან საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის საქართველოს განვითარებაში.

მივმართავ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს – არ აქვს მნიშვნელობა „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეა, მიხეილ სააკაშვილის მომხრეა – შემოდით ჩვენი ოჯახის მდგომარეობაში, აქ საუბარია სიცოცხლეზე, შესაძლოა დღეები გადამწვეტი იყოს“, – აღნიშნა გიორგი სააკაშვილმა.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ბოლო ვიზიტთან შედარებით, რომელიც 11 იანვარს შედგა, სააკაშვილის მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა გაუარესებული. ექსპერტების რეკომენდაცია დროული, კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებაა. ამასთან, ექსპერტთა ჯგუფი აღნიშნავს, რომ არ არის შესრულებული მათ მიერ დეკემბერ-იანვარში გაცემული რეკომენდაციები მიხეილ სააკაშვილისთვის ფსიქოთერაპიისა და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]