9 მაისს, რუსეთი „გამარჯვების დღეს“ აღნიშნავს და 1945 წელს ნაციზმის დამარცხებას ზეიმობს. როგორც CNN-ი წერს, დასავლელი ოფიციალური პირები დიდი ხანია მიიჩნევენ, რომ პუტინი ამ დღის სიმბოლურ მნიშვნელობასა და პროპაგანდისტულ ღირებულებას გამოიყენებს იმისთვის, რომ გამოაცხადოს უკრაინაში სამხედრო მიღწევის ან საომარი მოქმედებების მთავარი ესკალაციის შესახებ, ან ორივე ერთად.
ტელეკომპანია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებას ციტირებს. უოლესი რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ პუტინმა შესაძლოა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ აღარ მოიხსენიოს და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს.
„ის ამზადებდა ნიადაგს იმისთვის, რომ შესძლებოდა ეთქვა: ნახეთ, ახლა ეს არის ომი ნაცისტების წინააღმდეგ და რაც ჩვენ გვჭირდება, მეტი ხალხია. მეტი რუსული საზარბაზნე ხორცი მჭირდება.
არ გამიკვირდება, თუმცა ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რომ ის, აპირებდეს მაისის ამ დღეს გამოაცხადოს: „ჩვენ ახლა ომში ვართ მსოფლიოს ნაცისტებთან და გვჭირდება რუსი ხალხის მასობრივი მობილიზება“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.
ომის ოფიციალური გამოცხადება პუტინს სარეზერვო ძალების მობილიზების საშუალებას მისცემს, რაც უკრაინაში დანაკარგების ფონზე, სჭირდება. დასავლელი და უკრაინელი ოფიციალური პირების შეფასებით, 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ომში სულ მცირე 10 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. რიგი სამხედრო და ლოგისტიკური წარუმატებლობის შემდეგ, რუსეთმა ძალისხმევა აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონზე მიმართა. CNN-ის ინფორმაციით, პენტაგონის წარმომადგენელმა რუსეთის სამხედრო მოქმედებები შეაფასა როგორც „ანემიური“.
ამ თემაზე:
რუსეთმა ისრაელი „კიევის ნეონაცისტური რეჟიმის“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა