weather cur horoscope tv
ნოემბერი 03, 2024

როგორ შეიძლება ასეთ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი როგორიც ივანიშვილია – პოდოლიაკი

11:23 ოთხშაბათი, 04 მაისი 2022

„ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. შესანიშნავი ხალხია. ძალიან ამაყი და ძლიერი ხალხია. ჩემთვის უბრალოდ ამოუცნობია, როგორ შეიძლება ასეთ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი როგორიც ივანიშვილია. თუმცა, ოლიგარქები ძალიან სპეციფიკური სუბიექტები არიან. განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა კავშირში. ისინი ხშირად არ შეესაბამებიან იმ ხასიათსა და ბირთვს, რაც აქვს რეალურად ხალხს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში პოდოლიაკმა თქვა, რომ სასურველი იქნებოდა ქართველებმა გაიხსენონ, რომ „ძალიან ამაყი და ძლიერი ადამიანები არიან“. პოდოლიაკის თქმით, უკრაინის საკითხზე საქართველოს მთავრობის, და არა ხალხის, პოზიცია სრულებით აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას.

„საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია და სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აქვს გავლენა დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ცოტა არ იყოს უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს. არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციებს, როგორიც აქვს ევროკავშირის ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველს ჰკითხეს მისი ქვეყნის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთი საქართველოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, სანქციების გვერდის ავლის მიზნით.

„როცა გავიგებთ რომ სანქციების გვერდის ასავლელად საქმე უკვე საქართველოსა და რუსეთს შორის საუბრიდან კონკრეტულ იურიდიულ, ჩრდილოვან ურთიერთობებში გადადის, მაშინ აუცილებლად გამოვაქვეყნებთ, თუ გვექნება დოკუმენტების პაკეტი, იურიდიული დადასტურებებით, რომ რუსეთ-საქართვლოს შორის ასეთი გვერდის ავლითი მანევრები ხორციელდება“, – აღნიშნა მიხაილო პოდოლიაკმა.

„ამერიკის ხმამ“ პოდოლიაკს ასევე ჰკითხა, რას იტყოდა საქართველოს ხელისუფლების ბრალდებებზე საქართველოში ომის მეორე ფრონტის და ქვეყნის ომში ჩათრევის სურვილის შესახებ.

„ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ რჩევა საქართველოს მთავრობას, დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება. ჩვენ ამოვდივართ იქიდან მხოლოდ რომ არსებობს რუსეთის ფედერაცია, რომელიც ექსპანსიურია, და ყიდის მხოლოდ სხვისი ტერიტორიის მითვისების იდეას. ამიტომ ასეთ ქვეყანასთან მეგობრობა, მისი პოზიციის მხარდაჭერა და მისი მხარდაჭერა, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო მის წინააღმდეგაა, (ცალკეული სპეციფიური რეჟიმების გამოკლებით), უცნაურად გამოიყურება, რბილად რომ ვთქვათ, განსაკუთრებით იმ ფონზე როცა ქვეყნის მესამედი ოკუპირებულია.

გვინდა რომ რაიმე ლოგიკა დავინახოთ. თუ ქართველი ხალხი ირჩევს მთავრობას, რომელიც მზადაა დათანხმდეს, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი იურიდიულად საქართველოს არ ეკუთვნის, ეს ქართველი ხალხის არჩევანია. არ შეგვიძლია ეს გავკიცხოთ ან წავახალისოთ. ჩვენ უბრალოდ ფაქტის კონსტანტაციას ვახდენთ.

საკუთარი თავისუფლებისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის უნდა იბრძოლო. შეხედეთ უკრაინას. დიდ ფასს ვიხდით ჩვენი ბიჭების სიცოცხლით, თუმცა უკრაინაში არავინ ფიქრობს, რომ უფლება უნდა მივცეთ რუსეთის ფედერაციას, ითარეშოს ევროპაში“, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

რამდენიმე დღის წინ, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ბიძინა ივანიშვილის რუსული ბიზნესის გამო არ მიიღო. მანამდე, უმაღლესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს მიმართა, ივანიშვილს სანქციები დაუწესონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]