weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარლამენტის ექიმო წევრებო მომინახულეთ როგორც პაციენტი – სააკაშვილი

19:08 ოთხშაბათი, 04 მაისი 2022
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის იმ წევრებს, რომლებსაც სამედიცინო განათლება აქვთ, ციხეში მის მონახულებას და გასინჯვას სთხოვს.

„მივმართავ დავით სერგეენკოს, დიმიტრი ხუნდაძესა და პარლამენტის ყველა სხვა ექიმ წევრს ნებისმიერი პარტიიდან, ვისაც ჰიპოკრტეს ფიცი აქვს დადებული. მომინახულეთ, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პაციენტი და გააკეთეთ დასკვნა, როგორც პაციენტზე“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ მადლობელი დარჩება და დეპუტატებს შეხვდება როგორც ექიმებს, და არა როგორც საკუთარ მოწინააღმდეგეებს ან მომხრეებს.

„მხოლოდ საკუთარ სიმპტომებზე გაგესაუბრებით და მხოლოდ იმის შესაძლებობაზე ვისაუბრებთ, რომ გამსინჯოთ და მიიღოთ ობიექტური დასკვნა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ასევე მოგიწოდებთ, რომ შემოსვლის შემდეგ საჯარო განცხადებები გააკეთოთ და საჯარო დისკუსიები გამართოთ, როგორც პარლამენტის წევრებმა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. იმედი მაქვს თქვენი ადამიანური მიდგომების, პროფესიული კეთილსინდისიერებისა და ჰიპოკრატეს ფიცისადმი თქვენი პროფესიული ერთგულების“, – აცხადებს სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და დღეს სასჯელს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის. დაპატიმრების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი 50 დღეზე მეტი შიმშილობდა, რის შემდეგაც ჯერ გლდანის ციხის N18 სამკურნალო დაწესებულებაში, შემდეგ კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. რუსთავის ციხეში ის დეკემბრის ბოლოს დააბრუნეს. 20 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღით ადრე „ფეხები წაერთვა“ და დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეეძლო. მისივე თქმით, კიდურებში ტკივილები აქვს, რის გამოც ტკივილგამაყუჩებელი სჭირდბა.

„გორის ჰოსპიტალში ვითომ მკურნალობა იყო სრული ბლეფი. კვების აღდგენის პროგრამა სრულად ჩავარდა. ახლა წონით ვარ იგივე წონაზე, რაც ვიყავი შიმშილობის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში. ე.ი დავიკელი სადღაც 12 კილო ბოლო დღეების განმავლობაში. პრაქტიკულად ვერ ვიღებ საკვებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

22 აპრილს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა შეაფასა. მათი დასკვნით, ბოლო ვიზიტთან შედარებით, რომელიც 11 იანვარს შედგა, სააკაშვილის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუარესებული. მათი რეკომენდაცია დროული, კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებაა. ამასთან, ექსპერტთა ჯგუფმა აღნიშნა, რომ არ არის შესრულებული მათ მიერ დეკემბერ-იანვარში გაცემული რეკომენდაციები ფსიქოთერაპიისა და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით.

ოჯახი მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]