ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ყველაზე დიდ ევროპულ სახელმწიფოში მიმდინარე ომი გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ, მთელი ევროპისთვის.
„მე სიამოვნებით ვუერთდები დღევანდელ დღეს და კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროპის დღეს. ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ ჩვენ 77 წელია აღვნიშნავთ ფაშიზმზე გამარჯვებს დღეს საქართველოში. კარგად გვესმის, რომ ფაშიზმი, რომელიც იყო გამოწვევა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის, ჩვენი ერთიანობით იქნა დამარცხებული. მე მინდა გავიხსენო ძალიან ბევრი ქართველის დამსახურება ფაშიზმზე გამარჯვებისთვის ბრძოლაში. სამწუხაროდ, 77 წლის შემდეგ, ევროპის შუაგულში, ყველაზე დიდ ევროპულ სახელმწიფოში, უკრაინაში დღეს მიმდინარეობს უთანასწორო და უსამართლო ომი, რომელიც რა თქმა უნდა გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ, მთელი ევროპისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ უპასუხებს თანამედროვე მსოფლიო გამოწვევას, რომელიც დღეს ევროპაში დგას.